საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს გარკვეულ ექსცესებს და პროვოკაციებს შედეგზე გავლენა არ მოუხდენია, რასაც მისი თქმით, „ადასტურებს ადგილობრივი, თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური დასკვნები და როგორც არ უნდა ეცადონ ოპონენტები, ამ სურათს ვერავინ შეცვლის.“ მამუკა ბახტაძის შეფასებითვე, საერთო ჯამში, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში, რაც ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.
„მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ამ გამარჯვებას და ქართველი ხალხის არჩევანს ჩრდილს ვერავინ მიაყენებს. არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია მარცხისთვის“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც კონსტიტუციით და კანონითაა დაცული, მაგრამ თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, პასუხი კანონის ძალით გაეცემა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით ორმა მილიონმა ამომრჩეველმა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ჰყავს მაღალი პასუხისმგებლობის საზოგადოება და ხალხის არჩევანს ყველამ პატივი უნდა სცეს. „ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უპასუხისმგებლო ლიდერების გამო საფრთხე დაემუქროს მათ, ჩვენ არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს და არეულობის და დისონანსის შემოტანის მცდელობებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სახელმწიფო დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და დაიცავს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ. მან აღნიშნა, რომ არჩევნები დასრულდა და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ჩვეულებრივ რიტმს, გასაკეთებელია ბევრი საქმე და დასაძლევია ბევრი გამოწვევა.
29 ნოემბერს, გაერთიანებულმა ოპოზიციამ, რომლის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამარცხდა, ფილარმონიაში გამართულ შეკრებაზე გამოაცხადა, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, მოითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და კვირას თბილისში გამართავს საპროტესტო აქციას.