Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის პარკში განახლდა 14 წლის წინ დაკარგული ბიჭის სავარაუდო სამარხის ძებნა


სამართალდამცავებმა გორის ცენტრალურ პარკში განაახლეს 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის, ზაქრო ბერძნიშვილის სავარაუდო სამარხის ძებნა. პოლიციამ პარკში, წინასწარ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე მოზრდილი კარავი განათავსა. გორში 2004 წლის ნოემბერში დაკარგული 11 წლის ბიჭის ნეშტის ძებნა 2018 წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყო ამავე ქალაქში 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით ოქტომბერში დაკავებული იაგო ნებიერიძის ჩვენების საფუიძველზე. 14 წლის წინ ნებიერიძე მამასთან ერთად ბერძნიშვილების ოჯახს ავტოფარეხს უშენებდა და ბავშვის დაკარგვის შემდეგ წერილი მისწერა 20 ათასი დოლარის გამოსასყიდის მოთხოვნით. მაშინ ნებიერიძე დააკავეს, მაგრამ ბავშვის გატაცების ნაწილში ბრალი ვერ დაუმტკიცეს და მხოლოდ გამოძალვის ბრალდებით გაასამართლეს.

ნებიერიძის ჩვენების საფუძველზე გორის პარკში სავარაუდო სამარხის ძებნა რამდენიმე ხნით შეჩერებული იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ტექნიკისა და ექსპერტების დახმარებით, ადგილზე ჩატარდა გეოსკანირება, რომელმაც პოლიციას დამატებითი ინფორმაცია მისცა ნიადაგზე სხვადასხვა დროს განხორციელებული ზემოქმედების შესახებ და დადგენილია რამდენიმე სავარაუდო ადგილი, სადაც ამჟამად მიმდინარეობს მიწის გათხრა.

XS
SM
MD
LG