„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა, გამოძიებით დაადგინონ, რამდენად რეალურია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მიერ მიღებული 780 ათასი ხმა.
„გუშინ ნაციონალურმა მოძრაობამ დაახლოებით 3 000 ამომრჩეველი შეკრიბა. რეალურად, ამ აქციის ორგანიზება მოხდა 25 ნოემბრის ჩვენი აქციის საპირწონედ, რომელშიც 100 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მე ვსვამ კითხვებს, თუ პარტიას რეალურად ჰყავს 780 ათასი ამომრჩეველი, მის მიერ ორგანიზებულ აქციაზე რატომ მოდის 3 000 ადამიანზე ნაკლები? შეუძლებელია რეალურად ამდენი ამომრჩეველი გყავდეს და შენს მიერ ორგანიზებულ მიტინგზე არ იდგეს მინიმუმ 30 ათასი ადამიანი“ - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ირმა ინაშვილმა. მისივე შეფასებით, „ადგილი აქვს პოლიტიკურ აფერისტობას და ამ აფერისტობაში მონაწილეობენ როგორც სააკაშვილ-ბოკერია, ისე მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან რიგი თანამდებობის პირები.“ ინაშვილის თქმით, მოვა დრო და ამ პირებსაც დაასახელებენ.