Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უცხოელი დამკვირვებლების კრიტიკას არ ეთანხმება


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უმრავლესობამ საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის კრიტიკული შეფასებები მეორე ტურის წინასაარჩევნო გაშუქებასთან დაკავშირებით არ გაიზიარა. როგორც საბჭოს წევრი, გია იაკობაშვილი აღნიშნავს, შეფასება ტენდენციური და არაკომპეტენტური იყო. „პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ შეცდომაა იმის თქმა, რომ ეს არის საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასება. საერთაშორისო დამკვირვებლები არ მსხდარან ტელევიზორთან თუნდაც იმიტომ, რომ ქართული ენა არ იციან. მათ ეს გააკეთეს ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებებზე დაყრდნობით. თუმცა სანდონი არიან ეს დამკვირვებლები?ეს არის საკითხავი“-ამბობს გია იაკობაშვილი და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იმ შესაბამისი ფაქტების წარდგენას ითხოვს, რომლის საფუძველზეც დასკვნა მომზადდა. მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას მიზანშეწონილად მიიჩნევს სამეურვეო საბჭოს წევრი ნინია კაკაბაძეც, თუმცა მას დასკვნის ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარება:“ მე ვენდობი ამ სადამკვირვებლო მისიას და მათ მიერ ჩატარებულ მონიტორინგს. ვენდობი არა ბრმად, არამედ როგორც ყველა არხის, მათ შორის პირველი არხის მაყურებელი. ვფიქრობ, რომ მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი ტელევიზია პირველი ტურის წინასაარჩევნო პერიოდისგან განსხვავებით უფრო მიკერძოვებული იყო. ამიტომ ეს დასკვნა ჩემთვის არ ყოფილა მოულოდნელი“-გვითხრა ნინია კაკაბაძემ.

ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნის თანახმად, საჯარო მანდატის სამართლებრივი ვალდებულებებისა და საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველმა არხმა“ მკვეთრად გამოავლინა თავისი მიკერძოებულობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი კანდიდატის წინააღმდეგ. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ არხმა სამართლიანად გადაანაწილა ახალი ამბების გაშუქების დრო, გაშუქების ტონი მკვეთრად განსხვავდებოდა და უმეტესად ნეგატიური იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ მაშინ, როცა „ქართული ოცნებისა“ და მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ უფრო დადებითი ან ნეიტრალური იყო. დასკვნაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ უზრუნველყო სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG