Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის მთავრობა ახალი მოლაპარაკებებისაკენ მოუწოდებს საპროტესტო მოძრაობის ლიდერებს


საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპემ ახალი მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივით მიმართა საპროტესტო მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ წარმომადგენლებს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კვლავ გრძელდება ანტისამათავრობო დემონსტრაციები. 8 დეკემბრის ღამით გაკეთებულ სატელევიზო მიმართვაში ფილიპემ განაცხადა, რომ მთავრობა მზად არის განიხილოს და გაიზიაროს დემონსტრანტების შეშფოთება ცხოვრების გაძვირებასთან დაკავშირებით. „იქნება პრეზიდენტ მაკრონის გამოსვლა და იგი ისაუბრებს იმ ზომებზე, რაც ამ დიალოგს ხელს შეუწყობს“, - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა. შაბათს საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ 1400-ზე მეტი ადამიანი დააკავა. მათგან 970-ი პარიზში. ძალადობის შედეგად დაშავდა 118 დემონსტრანტი და სამართალდამცველი სტრუქტურების 17 თანამშრომელი. „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობა საფრანგეთში აზვირთდა ხელისუფლების იმ გადაწყვეტილების პასუხად, რაც საწვავზე ტარიფის გაზრდას ითვალისწინებდა. ხელისუფლებამ საბოლოო ჯამში უარი თქვა ამ ნაბიჯზე, მაგრამ დემონსტრაციები გრძელდება და მათი მონაწილეები უკვე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მთელ ეკონომიკურ პოლიტიკას უპირისპირდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG