რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში 12 დეკემბერს ჯართზე მომუშავე ელექტროღუმელი გააჩერეს და იძულებით შვებულებაში გაუშვეს 400 ადამიანი.
„წარმოების მოცულობის ეს შემცირება წინასწარ იყო გაცხადებული. ეს არის ირანიდან უხარისხო დემპინგური არმატურის მოზღვავებული იმპორტის შედეგი“, - განაცხადა ქარხნის ადმინისტრაციამ 12 დეკემბერს გამართულ დირექტორთა საბჭოს სხდომის შემდეგ. ადმინისტრაციის განმარტებით, 15 ნოემბერს ძალაში უნდა შესულიყო საზღვარზე სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი, რაც შეაჩერებდა უხარისხო არმატურის იმპორტს. მთავრობის გადაწყვეტილებით, კონტროლის შემოღებამ გადაიწია 15 იანვრამდე.
ქარხნის ადმინისტრაცია იმედს გამოთქვამს, რომ კონტროლის მექანიზმები ძალაში შევა უახლოეს მომავალში და ქარხნის სრული გაჩერება არ გახდება აუცილებელი.
მეტალურგიულ ქარხანაში ორი ღუმელი მუშაობს და საწარმოში 1200 ადამიანია დასაქმებული. ქარხანას ასევე ემსახურება სხვადასხვა ორგანიზაცია, სადაც 800 ადამიანამდეა დასაქმებული.