Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ბოლო 14 წლის სარეკორდო მაჩვენებელზეა საბჭოთა ნოსტალგია


რუსეთში ჩატარებული კვლევის შედეგებით, 2004 წლის შემდეგ ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული საბჭოთა ნოსტალგია.

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაციის, "ლევადა ცენტრის", მონაცემებით, გამოკითხულთა 66 %-მა, ანუ ორმა მესამედმა, დადებითად უპასუხა შეკითხვას, დასანანად მიაჩნია თუ არა 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლა. ეს არის წინა წლის შედეგზე 8 %-ით მეტი და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2004 წლის შემდეგ.

ამავე დროს, 2005 წლიდან მოყოლებული სარეკორდოდ დაბალია - სულ 25 % - იმ პირთა რაოდენობა, ვინც არ განიცდის ნოსტალგიას საბჭოთა პერიოდის მიმართ. 9 %-მა განაცხადა, რომ ვერ უპასუხებს ამ შეკითხვას.

რუსეთის პრეზიდენტი 2000-2008 წლებში და 2012 წლიდან დღემდე, ვლადიმირ პუტინი, ხშირად ამახვილებს ყურადღებას საბჭოთა დროის მიღწევებზე და ნაკლებად ეხება ამავე პერიოდის დანაშაულებს. 2005 წელს მან მე-20 საუკუნის „უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა საბჭოთა კავშირის დაშლას, აღნიშნა რა, რომ ბევრი რუსი რუსეთის საზღვრებს მიღმა არის დარჩენილი.

როცა პუტინს წელს, მარტში, ჰკითხეს, ქვეყნის ისტორიაში რომელი მოვლენის შეცვლას ისურვებდა, ამის გაკეთება რომ შეეძლოს, მან საბჭოთა კავშირის დაშლა დაასახელა.

„ლევადას“ მონაცემებით, საბჭოთა ნოსტალგიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია რუსების უკმაყოფილება ეკონომიკური მდგომარეობით. საპენსიო ასაკის ხუთი წლით გაზრდის გეგმას მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა და წელს პუტინის რეიტინგის შემცირება გამოიწვია. გამოკითხულთა 36 %-ს ენატრება „დიდი სახელმწიფოს კუთვნილების განცდა“, ხოლო 31 % უკმაყოფილოა საზოგადოებაში გავრცელებული „უნდობლობითა“ და „სისასტიკით“.

საბჭოთა ნოსტალგია რუსეთში ყველაზე ფართოდ იყო გავრცელებული 2000 წელს, როცა „ლევადას“ შეკითხვას, დასანანად მიაჩნია თუ არა საბჭოთა კავშირის დანგრევა, დადებითად უპასუხა 75 %-მა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG