Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეებთან გასაუბრებას პარლამენტის გადაწყვეტილებას უკავშირებს


ნაზი ჯანეზაშვილი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი არ გამორიცხავს, რომ საბჭოს მიერ გამოსაცდელი ვადით არჩეულ მოსამართლეებთან გასაუბრების დანიშვნა პასუხია პარლამენტის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც შეჩერდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი.

"ისეთ ფიგურასთან გასაუბრებას, როგორიც ლევან მურუსიძეა, რომლის მიმართაც ძალიან ნეგატიური დამოკიდებულებაა, არ ერიდებიან. მეორე მთავარი პერსონა სასამართლო სისტემაში გახლავთ მურუსიძე ჩინჩალაძესთან ერთად. ამით ალბათ ამბობენ, რომ კი ბატონო, თქვენ ჩინჩალაძეს მართალია, არ ნიშნავთ, მაგრამ ჩვენ მურუსიძეს დავნიშნავთ, რადგან საბჭოს ამის უფლებამოსილება გააჩნია" - უთხრა ჟურნალისტებს ნაზი ჯანეზაშვილმა. დღეს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნულია გასაუბრება 6 მოსამართლესთან, მათ შორის ლევან მურუსიძესთან, რომლებსაც სამწლიანი გამოსაცდელი ვადა ეწურებათ. თუ საბჭო გადაწყვეტს, რომ მათ გასაუბრება წარმატებით გაიარეს, ამ მოსამართლეებს უვადოდ დანიშნავს.

24 დეკემბერს, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებმა შეარჩიეს და პარლამენტს წარუდგინეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად უვადოდ დასანიშნი 10 კანდიდატი. მათ შორის მიხეილ ჩინჩალაძე, რომელსაც საბჭოს არამოსამართლე წევრები და არასამთავრობო სექტორის ნაწილი მიიჩნევს სასამართლო სისტემაში არსებული კლანის ხელმძღვანელად. უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა სიას და მათი შერჩევის პროცედურას მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა საბჭოს არამოსამართლე წევრების, არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველის, ოპოზიციის და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ნაწილის მხრიდან. 26 დეკემბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიამდე გადაიდო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG