Accessibility links

პარიზის წიგნის ბაზრობა 2021 წელს საქართველოს საპატიო სტუმრად ელის


ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს წარმატებას უკვალოდ არ ჩაუვლია - ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 2021 წელს, საქართველო კიდევ ერთი პრესტიჟული, პარიზის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა იქნება.

ეს მოწვევა საქართველომ საფრანგეთისგან უპირობოდ მიიღო - აქამდე, როგორც წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, დეა მეტრეველი ამბობს, საქართველოს ამ ბაზრობაზე საკუთარი სტენდიც კი არ ჰქონია - 2021 წელს კი საფრანგეთის აუდიტორიის წინაშე საპატიო სტუმრად წარსდგება.

შეთავაზება საქართველომ ფრანკფურტშივე მიიღო, თუმცა მაშინ ბევრი დეტალი იყო გასარკვევი და შესათანხმებელი - რაც მთავარია, საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა ყოფილიყო დასტური და მონაწილეობის სურვილი - დეკემბერში წიგნის ცენტრმა საბოლოო დადასტურებული პასუხი მიიღო და ფრანკფურტის შემდეგ კიდევ ერთი პრესტიჟული წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრობისათვის მზადებაც 2019 წელს დაიწყება:

“ახალი წლის შემდეგ ახალი ძალებით ვიწყებთ მომზადებას პარიზისთვის. ბევრი საქმე გვექნება, თარგმანები, კონცეფცია...ჩემი სურვილია, რომ ფრანკფურტის წარმატება ამით არ დასრულდეს და საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანა გახდეს დიდ ბრიტანეთშიც, ლონდონის წიგნის ბაზრობაზეც, მექსიკაშიც, სადაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პრესტიჟული ბაზრობა იმართება. ამ მოწვევამ დაადასტურა, რომ საფრანგეთი უსმენს გერმანიას - მათ ნახეს როგორი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს პროგრამას ფრანკფურტში, ნახეს რას წერდა გერმანული პრესა საქართველოზე, ვფიქრობ, რომ ეს შეთავაზებაც სწორედ ამ წარმატების შედეგია”, - გვითხრა დეა მეტრეველმა.

პარიზის წიგნის ბაზრობა თავისი სიდიდითა და მნიშვნელობით, ცხადია, ფრანკფურტს ვერ შეედრება, თუმცა საქართველოსთვის ფრანგულენოვანი წიგნის ბაზარზე შესვლა რამდენიმე მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი:

ეს საკმაოდ დახურული ბაზარია - ქართველი ავტორები, პრაქტიკულად, ამ ბაზრისთვის არ ითარგმნებიან - ახლა კი გაჩნდა შანსი, რომ ეს სურათი შეიცვალოს და გერმანიის გარდა, როგორც დეა მეტრეველიც ამბობს, ამ შესაძლებლობამ გზა უნდა გახსნას სხვა ფრანკოფონური ქვეყნების წიგნის ბაზრებისაკენ.

პარიზის წიგნის ბაზრობა ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება და ის მსოფლიოს 37 ქვეყნის 1200 გამომცემელსა და 2000 ავტორს მასპინძლობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG