Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია: ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არ წავალ


ეკა ბესელია

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ამბობს, რომ თანაგუნდელებთან მოპასუხის როლშია და არა თავდამსხმელის. „მაქსიმალურად ფრთხილად და მოზომილად ვეკიდები ყველა ჩემს განცხადებას. მე ვარ შეგნებულად მოპასუხის როლში ყველა ჩემი კომენტარის დროს და არა თავდამსხმელის როლში. მიწევს ცალკეულ არასწორ გამონათქვამებზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ მე არა ვარ ის ადამიანი, რომელიც ან სადმე იმალება ან რამე მოსარიდებელი აქვს და ვინმე შანტაჟის ენით დაელაპარაკება“ - უთხრა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, კვლავ არის ბიძინა ივანიშვილის მიერ 2011 წელს დაფუძნებულ გუნდთან ერთად და თავის პრინციპებს არ ღალატობს.

„ჩემი შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებულია იმაზე, როგორი განვითარება ექნება პროცესს. ჯანსაღად წარიმართება პროცესი და ყველა ერთად შევთანხმდებით, რომ იმ პირობებს ვასრულებთ, რომელიც მოსახლეობას ვუთხარით. თუ ასე არ მოხდება და ცალკეული პირები, რომლებიც ახლები არიან და გამარჯვების მერე მოვიდნენ მშვიდ და კომფორტულ გარემოში, სხვა პოზიციას აირჩევენ და ეს აცდება იმ იდეალებს, რისთვისაც 1 ოქტომბერს მოვედით, მე გადავხედავ ჩემს პოზიციებს. ერთი ვიცი, ბრძოლას გავაგრძელებ“ - განაცხადა ეკა ბესელიამ. შეკითხვას წავა თუ არა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ბესელიამ უპასუხა: „ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არ წავალ. მე მგონია, რომ ეს არის პროცესი, რომელიც ყველაზე მეტად ჯანსაღია და ჭირდება დღეს გუნდს, ხელისუფლებას და საზოგადოებასაც.“ ეკა ბესელიამ თანაგუნდელებს მიმართა, თავი დაანებონ ბიძინა ივანიშვილის სახელით მანიპულირებას. „მას ისედაც ბევრი უსამართლობის ატანა უწევს. მე ვიცი, ვისაც ველაპარაკები და იცის მანაც, ვისაც ვგულისხმობ“ - განაცხადა ბესელიამ. ჟურნალისტების შეკითხვას, გულისხმობს თუ არა პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, ეკა ბესელიამ არ უპასუხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG