Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკაკი ზოიძე:კანაფის კულტივაციის თემა ამოიწურა და დასრულდა


აკაკი ზოიძე
აკაკი ზოიძე

„კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში კანაფის კულტივაციის თემას აღარ დავუბრუნდებით,“-განაცხადა საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ იმ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, რომლის თანახმად ბიძინა ივანიშვილმა ფრაქციის სხდომაზე 3 იანვარს დეპუტატებს უსაყვედურა, რომ პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტის მიღება ვერ შეძლო. აკაკი ზოიძის განმარტებით, კანაფის კულტივაციის კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა როგორც საზოგადოებასთან ცუდი კომუნიკაციის მაგალითი, რომელსაც წესით სარგებელი უნდა მოეტანა ქვეყნისთვის, მაგრამ ზიანის მეტი არაფერი მოუტანა როგორც გუნდს, ისე საარჩევნო პროცესს.

„არავითარი საყვედური, დაპირისპირება, ემოციები ამასთან დაკავშირებით ნამდვილად არ ყოფილა, არც გუნდის მხრიდან, არც პარტიის თავმჯდომარის მხრიდან. იყო ეს მოყვანილი მაგალითად და არავის არ ჰქონდა ამაზე არანაირი ნეგატიური რეაქცია, ან უარყოფის მცდელობა. ფაქტია, მთელმა საქართველომ გაიგო, რომ ძალიან არასწორად მოხდა ამ კანონპროექტის კომუნიკაცია. ეს იყო და ეს და ხელოვნურად ხდება რაღაცეების გავრცელება და პედალირება.“-აღნიშნა აკაკი ზოიძემ. მისი განმარტებით, კანაფის კულტივაციის თემა ამოწურულია და ის პარლამენტში განსახილველად აღარ დაბრუნდება. ის კი, რასაც, მისი აზრით, აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს პარლამენტი, არის დეკრიმინალიზაცია და რეფორმა, რომლის მიხედვით ნარკოპოლიტიკის ძირითადი ქვაკუთხედი პრევენცია უნდა გახდეს.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ 3 იანვარს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ სხდომაზე პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა კანაფის კულტივაციის კანონპროექტის საკითხზე დეპუტატები გააკრიტიკა. სააგენტოს თანახმად, მან დეპუტატების მიმართ უკმაყოფილება და მძაფრი რეაქცია გამოხატა იმის გამო,რომ საკითხი, რომელზეც მან ორი წლის განმავლობაში იმუშავა, მმართველმა გუნდმა საზოგადოებამდე სწორად ვერ მიიტანა. ინტერპრესნიუსის თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის გაწვევით ქვეყანამ „დიდი ფული“ დაკარგა.

XS
SM
MD
LG