Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზში რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს „ყვითელი ჟილეტების“ მანიფესტაციის დროს


შაბათს, სულ მცირე, 34 ადამიანი დააკავეს პარიზში ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ მანიფესტაციის დროს. დაკავებულთა რიცხვი ნაკლებია, ვიდრე წინა კვირებში, მაგრამ დემონსტრაციებს კვლავაც თან სდევს პოლიციასთან შეტაკებები. ამ შაბათს შეტაკებები მოხდა არა მხოლოდ პარიზში, არამედ რამდენიმე სხვა ქალაქშიც.

მთლიანობაში საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან მერვე და წლევანდელ პირველ აქციაში, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მონაწილეობა მიიღო 50 ათასამდე ადამიანმა. ეს ბევრად მეტია, ვიდრე წინა აქციაში, რომელიც ახალი წლის წინა შაბათს გაიმართა.

ბოლო აქციის წინ მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბენჟამენ გრივომ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ შეასრულა ყვითელი ჟილეტების „ყველა ლეგიტიმური მოთხოვნა“, დემონსტრაციების მონაწილეები კი ესწრაფვიან არა დიალოგს, არამედ ხელისუფლების დამხობას.

„ყვითელი ჟილეტების“ გამოსვლები დაიწყო როგორც საწვავზე გადასახადების გაზრდის გეგმების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები. ხელისუფლებამ მორატორიუმი დაადო ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ საპროტესტო აქციები გრძელდება უფრო ფართო ეკონომიკური და პოლიტიკური ლოზუნგებით, მათ შორის, პრეზიდენტ მაკრონის გადადგომის მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG