Accessibility links

ვინ უნდა მიიღოს გაფრთხილებად ივანიშვილის წერილი - თამარ ჩუგოშვილის ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 10 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ წავიდა. არის თუ არა დაპირისპირებამდე მისული აზრთა სხვადასხვაობა მმართველ გუნდში და რას ფიქრობენ უმრავლესობის სხვა წევრები?

რადიო თავისუფლება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, თამარ ჩუგოშვილს ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება ნიშნავს თუ არა თქვენთვის იმას, რომ მოსამართლეების ის სია, რომელიც „შავ სიად“ უკვე მოინათლა, დარჩება პარლამენტში განსახილველად?

თამარ ჩუგოშვილი: არა, ეს ჩემთვის ამას ნამდვილად არ ნიშნავს. ამ სიამ და იმ ფორმამ, რა ფორმითაც ეს სია შემოვიდა პარლამენტში, ბუნებრივია, თვითონ უმრავლესობაშიც ძალიან დიდი ვნებათღელვა გამოიწვია. ჩემი მოლოდინი ახლა არის ის, რომ პარლამენტი შეიმუშავებს საკანონმდებლო ცვლილებებს და შექმნის წესებს, თუ რა კრიტერიუმით უნდა შეარჩიოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და სწორედ იმ წესის თანახმად შერჩეულ კანდიდატებს უყრის პარლამენტი კენჭს. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ დღეს პარლამენტში შემოსულ ამ სიაზე ან კომიტეტის დონეზე, ან პლენარული სესიის დონეზე სერიოზული განხილვა დაიწყება. რადგან მაინც მგონია, რომ პარლამენტის საერთო პოზიცია იხრება იმისკენ, რომ ეს სია არ უნდა განვიხილოთ.

რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, მხოლოდ სიის შერჩევის ფორმაშია პრობლემა? თქვენ თუ გაქვთ კითხვის ნიშნები გაქვთ იმ ადამიანებთან, ვინც ამ სიაშია?

თამარ ჩუგოშვილი: პარლამენტის პოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ ამ ათ ადამიანში არ არის ვინმე, ვინც მოსამართლეობას იმსახურებს. თუმცა, პირველ რიგში, სწორედ ის გახდა მიუღებელი, რა ფორმითაც ისინი აირჩიეს და შემდეგ პარლამენტს წარუდგინეს. ამავე დროს, ამ სიაში არიან ადამიანები, რომელთაც მე, როგორც პარლამენტის ერთი წევრი, მხარს არ დავუჭერ. ამ ადამიანების შესახებ ჩემი პოზიცია ჯერ კიდევ 2012 წელს გამოვხატე და აზრი მას შემდეგაც არ შემიცვლია.

რადიო თავისუფლება: ის, რომ დღეს ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე ფაქტობრივად, გუნდის მიღმა დგანან, ეს მხოლოდ ამ სიის გამო შექმნილი დაპირისპირების შედეგია, თუ მმართველ გუნდში დაპირისპირების სხვა მიზეზებიც არსებობს?

თამარ ჩუგოშვილი: მე მირჩევნია ამ თემაზე ნაკლები ვილაპარაკო, რადგან ჩემთვის მთავარი არის რა პროცესები წავა სასამართლოში. დღეს ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი არის როგორ გაგრძელდება სასამართლოს რეფორმა და როგორ წავა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი. ამაზე ვფიქრობ და ეს მაწუხებს. დანარჩენზე, რაც შიდა პარტიულ პროცესებს შეეხება, საუბარი არ მინდა.

რადიო თავისუფლება: მოსამართლეთა ეს სია უმრავლესობის სხვა წევრებისთვისაც იყო მიუღებელი, თუმცა მათი პარტიიდან წასვლის თუ გარიცხვის საკითხი არ დამდგარა. რატომ?

თამარ ჩუგოშვილი: მე მგონი, ამ კითხვაშივეა პასუხი. უმრავლესობაში, არა ორი და სამი, არამედ ბევრი დეპუტატია, ვინც მოსამართლეების ამ ფორმით დანიშვნის წინააღმდეგია, თუმცა ამ პრინციპული პოზიციის გამო პარტიიდან მათი საკითხი არ დამდგარა. დანარჩენზე კი, საუბარი, როგორც უკვე ვთქვი, არ მინდა.

რადიო თავისუფლება: თქვენ რას დაარქმევდით იმას, რაც დღეს ხდება მმართველ გუნდში? ხომ არ დაგროვდა უფრო მეტი საკითხი, რომელშიც გუნდი ერთიანი აღარ არის?

თამარ ჩუგოშვილი: ერთი სახელის მოძებნა გამიჭირდება ამ პროცესისთვის. ასეთ პარტიაში, როგორიც ჩვენია, ხშირად გვიწევს ხოლმე სხვადასხვა საკითხებზე შეთანხმება. მაგრამ ჩემი აზრით, ბოლო მოვლენებმა უფრო გაამწვავა პარტიის შიგნით არსებული აზრთა სხვადასხვაობა თუ დაპირისპირება.

რადიო თავისუფლება: ივანიშვილმა ეკა ბესელიაზე თქვა, რომ ის „გუნდის წინააღდეგ წავიდა“, თქვენ როგორ ახსნით ამ განცხადებას?

თამარ ჩუგოშვილი: ამაზე იმ ადამიანებმა უნდა ილაპარაკონ, ვისაც ეხება.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, ამ წერილით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის სხვა წევრებიც ხომ არ გააფრთხილა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს?

თამარ ჩუგოშვილი: მე ასე არ მგონია. არც ის განცდა მაქვს, რომ განსხვავებული მოსაზრება რაიმე საკითხზე ან არ უნდა მქონდეს, ან არ უნდა ვთქვა. არც არის ჩემი ადგილი ისეთ სივრცეში, სადაც ასეთი დამოკიდებულება იქნება. არ მგონია, რომ ამას გაფრთხილება უნდა დავარქვათ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო შიდა პრობლემები, სხვა მოვლენები, რამაც ეს ყველაფერი გამოიწვია საბოლოო ჯამში, თუმცა, ჯობს თავად იმ ადამიანებმა ილაპარაკონ ამ საკითხზე.

რადიო თავისუფლება: თქვენთვის რა არის ის პრინციპული საკითხი, რომლის გამოც, თუ წინააღმდეგობა შეგხვდებათ თქვენივე გუნდში, გადაწყვეტთ დატოვოთ ეს გუნდი?

თამარ ჩუგოშვილი: ცხადია, არის ჩემთვის ძალიან პრინციპული თემები და აქაც იმიტომ ვარ, რომ ამ რეფორმებს ხელი შევუწყო. ამ საკითხების სიას ჩემთვის დავიტოვებ.

რადიო თავისუფლება: გვითხარით მხოლოდ ერთი თემა, რომელზეც ფიქრობთ, რომ პრინციპული სიტყვაა სათქმელი თქვენი მხრიდან და რომელზეც არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული „ქართული ოცნება“.

თამარ ჩუგოშვილი: ეს, შეიძლება, რაღაც ფორმით სასამართლოს უკავშირდებოდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG