Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ჩუგოშვილი: დარწმუნებული ვარ, იუსტიციის საბჭოს წარმოდგენილი სია არ გავა


პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის პროცესს ფეისბუქით ეხმაურება და წერს, რომ კანდიდატების შერჩევის პროცედურას შექმნის პარლამენტი და პარლამენტი მხოლოდ ამის შემდეგ იმსჯელებს კანდიდატურებზე: „მე არ ვიცი, საბჭოს რა გონია, რა გაიგო იმ პროცესებიდან, რაც პარლამენტში მიდის, მგონი ვერაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ შემდეგში, მათი წარმოდგენილი 10 კაციანი სია არ გავა! მოსამართლეების კანდიდატების მოსამართლეების შერჩევის პროცედურას შექმნის პარლამენტი, მხოლოდ ამის შემდეგ წარმოდგენილ 18 კანდიდატურაზე ვიმსჯელებთ“, - წერს თამარ ჩუგოშვილი.

12 იანვარს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სიასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსამართლეების არჩევისთვის პარლამენტში შემუშავდება პროცედურა და კრიტერიუმები და ამის საფუძველზე გაგრძელდება მოსამართლეთა შერჩევის პროცესი.

საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში დაპირისპირების საგნად არის ქცეული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ათკაციანი სია, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს გასული წლის 10 დეკემბერს წარუდგინა. 27 დეკემბერს სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევი და გაუმართლებელი პროცესი დაასახელა ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის მიზეზად.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა გასული წლის 10 დეკემბერს დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG