Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით სერგეენკო: ჩამოვიდა „ტამიფლუს“ 13 000 დოზა, რაც სრულიად საკმარისია ქვეყნისთვის


„ქვეყანაში "ტამიფლუს" 13 000 სამკურნალო დოზა ჩამოვიდა, რაც სრულიად საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

დავით სერგეენკო 12 იანვარს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ანტივირუსული პრეპარატის "ტამიფლუს" ახალი მარაგის სააფთიაქო ქსელებისთვის განაწილების პროცესს დაესწრო.

„პრეპარატის გადანაწილება ხდება სამი მიმართულებით. პირველი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები რაიონებში, რომლებიც აქამდე პრეპარატს გასცემდნენ მხოლოდ რისკ-ჯგუფებზე. ისინი იმუშავებენ განსაკუთრებულ რეჟიმში, იმისათვის რომ აფთიაქებს მიეცეს საშუალება, ხვალ, 12:00 საათამდე რაიონებში სრულყოფილად აამუშაონ დისტრიბუცია. მეორე მიმართულებაა აფთიაქები, რომელთა ჩამონათვალს და მდებარეობას გამოვაქვეყნებთ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. ცხელ ხაზზე - 1505, ნებისმიერ დროს შესაძლებელია ამ ინფორმაციის მიღება. აფთიაქების საშუალებით გაცემა დაიწყება დღეს 8-9 საათიდან თბილისის მასშტაბით და ხვალ 12 საათიდან - რაიონებში. მესამე მიმართულება არის - საოჯახო მედიცინის ცენტრები თბილისში, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ“, - განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება H1N1 ვირუსით დაავადებულთა სტატისტიკას, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ზუსტი მონაცემები 14 იანვარს იქნება ცნობილი.

„თუმცა, წინასწარი მონაცემები, რომლებიც კლინიკებიდან მოგვდის , კვლავ კლების ტენდენციაზე მიანიშნებს. პიკური რაოდენობა იყო 100 000 მოსახლეზე 277 ინფიცირებული, შემდეგ 256 და ვფიქრობ, რომ ახლა უფრო ნაკლები იქნება. ამჟამად სტაციონარებში 640 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 42 რეანიმაციულ განყოფილებაში", - აღნიშნა მინისტრმა.

XS
SM
MD
LG