Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: საქართველოს ოკუპირებული რეგიონები გადაქცეულია რუსეთის დახურულ სამხედრო ბაზებად


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა პარიზში, ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. კობახიძის განცხადებით, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და შექმნილი აქვს მარიონეტული, ავტორიტარული რეჟიმები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სადაც ყოველდღიურად უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები. “ეთნიკურად ქართველ ბავშვებს წაართვეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა, მოსახლეობას ეზღუდება გადაადგილება, მიზანმიმართულად, ქართული კვალის წასაშლელად დაანგრიეს ქართული სოფლები, იტაცებენ, აწამებენ და კლავენ ადამიანებს, გაბატონებულია დაუსჯელობა და ორივე ოკუპირებული რეგიონი ფაქტობრივად, გადაქცეულია რუსეთის დახურულ სამხედრო ბაზებად ან მათ მომსახურე სივრცედ“ - განაცხადა კობახიძემ. მან დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომ კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით უნდა მოგვარდეს. ირაკლი კობახიძის განცხადებითვე, აგრესიის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას უკვე წლებია, რუსეთის მიმართ აქვს პრაგმატული, მშვიდობიანი და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომელმაც სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები გააუმჯობესა, მაგრამ პოლიტიკური ურთიერთობები კვლავ ჩიხშია, რადგან რუსეთი არ ასრულებს საფრანგეთის შუამავლობით, 2008 წელს ხელმოწერილ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG