Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი: დერიპასკა იყო „ნასტია რიბკას“ სამართლებრივი დევნის ინიციატორი


ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ირწმუნება, რომ მულტიმილიარდერი მეწარმე ოლეგ დერიპასკა იყო ესკორტ-სააგენტოს თანამშრომლის, ანასტასია ვაშუკევიჩის სისხლისსამართლებრივი დევნის ინიციატორი.

ვაშუკევიჩს, რომელიც ბელორუსიის მოქალაქეა და ცნობილია ფსევდონიმით ნასტია რიბკა, გამოქვეყნებული აქვს დერიპასკას იახტაზე გადაღებული ვიდეო და ფოტოები და გავრცელებული აქვს ინფორმაცია რუსეთის ყოფილ ვიცე-პრემიერთან, სერგეი პრიხოდკოსთან, დერიპასკას მოლაპარაკების შესახებ.

რიბკა და კიდევ რამდენიმე ადამიანი შარშან თებერვალში დააკავეს ტაილანდში, სადაც მან თითქმის ერთი წელი დაჰყო ციხეში. მას პირობითი სასჯელი შეუფარდეს, რასაც ტაილანდიდან დეპორტაცია მოჰყვა.მოსკოვში ჩასული ნასტია რიბკა დაკავებულ იქნა, მას წაუყენეს პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდება. მოსამართლე სამშაბათს მიიღებს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების შესახებ. პროკურატურა წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. ნასტია რიბკა ბრალდებებს უარყოფს.

ნავალნიმ ორშაბათს გამოაქვეყნა გამოძიება, რომელიც, მისი მტკიცებით, ადასტურებს დერიპასკას კავშირს რიბკას სისიხლისსამართლებრივ დევნასთან. ნავალნის თქმით, მის განკარგულებაში აღმოჩნდა ჩანაწერები, როგორ საუბრობენ დერიპასკა და მასთან დაახლოებული პირები ნასტია რიბკას ბედზე. ჩანაწერები ინტერნეტშია გამოქვეყნებული.

დერიპასკა და მისი წარმომადგენლები ჯერ არ გამოხმაურებიან ნავალნის განცხადებას.

XS
SM
MD
LG