საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გადადგომას არ აპირებს. ევროპის ორგზის ჩემპიონი სპორტსმენის, ზურაბ დათუნაშვილის, მოთხოვნა გეგეშიძემ უსაფუძვლოდ მიიჩნია და განაცხადა, რომ წაგებით გაღიზიანებული სპორტსმენის უსაფუძვლო მოთხოვნის გამო ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას არ უნდა ტოვებდეს.
გეგეშიძე და დათუნაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ 11 იანვარს სპორტის სასახლეში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე. გუნდურ ხელჩართულ ჩხუბზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს და, წინასწარი ინფორმაციით, გეგა გეგეშიძე დაკითხვაზე დღეს უნდა მივიდეს, ზურაბ დათუნაშვილმა კი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.