Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ და ჰააგის ტრიბუნალმა სასჯელების აღსრულებაზე შეთანხმება დადეს


24 იანვარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა (ICC) და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა შეთანხმება სასჯელების აღსრულების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ჰააგის ტრიბუნალის მიერ მსჯავრდებულმა პირებმა საპატიმრო სასჯელი შეიძლება საქართველოშიც მოიხადონ, თუკი ასე გადაწყვეტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და ამაზე თანხმობას განაცხადებს საქართველოს მთავრობა. შეთანხმებას ჰააგაში მოაწერეს ხელი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თვმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მოსამართლე რობერტ ფრემრმა.

რომის სტატუტის თანახმად, ჰააგის ტრიბუნალის მიერ მისჯილი საპატიმრო სასჯელი „პირმა უნდა მოიხადოს სახელმწიფოში, რომელსაც განსაზღვრავს სასამართლო იმ ქვეყნების სიიდან, რომლებმაც გამოხატეს მსჯავრდებული პირების მიღების ნება“.

ICC-ი ავრცელებს შეთანხმების ხელმომწერთა განცხადებებსაც. რობერტ ფრემრმა განაცხადა: „რომის სტატუტის მონაწილე ქვეყნების აქტიური მხარდაჭერა არის ფუნდამენტური პირობა სასამართლოს მიერ მანდატის განხორციელებისთვის. სტატუტით განსაზღვრული სავალდებულო თანამშრომლობის მიღმა, არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ ყველა მონაწილე ქვეყანამ იზრუნოს სასამართლოსთვის ნებაყოფლობითი თანამშრომლობის ფორმების შეთავაზებაზე“.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა: „სასჯელების აღსრულებაზე შეთანხმების ხელმოწერა არის საერთაშორისო მართლმსაჯულების განხორციელებაში წვლილის შეტანით, ICC-ს, როგორც იურიდიული ინსტიტუციის გაძლიერებისთვის საქართველოს მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულება. ეს შეთანხმება ქმნის აუცილებელ იურიდიულ ინფრასტრუქტურას ICC-ს მიერ მსჯავრდებული პირების საქართველოს ციხეებში განთავსებისთვის და საქართველოს პენიტენციური სისტემა შეუერთდება იმ ქვეყნების მცირე რიცხვს, რომლებიც თავიანთი მაღალი სტანდარტების გამო ICC-მ განსაზღვრა სასჯელების აღსრულების ადგილებად“.

ICC-ს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ მსგავსი შეთანხმებები სასამართლოს გაფორმებული აქვს: არგენტინის, ავსტრიის, ბელგიის, დანიის, ფინეთის, მალის, ნორვეგიის, სერბეთის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მთავრობებთან.

XS
SM
MD
LG