Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე სხდომაზე დააკავეს


გრიგოლ ივანეიშვილი
გრიგოლ ივანეიშვილი

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. გრიგოლ ივანეიშვილი, ქრთამის აღების ბრალდებით არის დაკავებული.

„დიდი რაოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. ანტიკორუფციული საკრებულოს სხდომაზე იმ დროს შემოვიდა, საკრებულოს სხდომა, რომ მიმდინარეობდა“, - აცხადებს საკრებულოს ერთ-ერთი წევრი, რომელიც სახელმწიფო მოხელის დაკავების ფაქტს ადასტურებს.

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი ბრალის წაყენებისა და დაკავების მომენტში საკრებულოს სხდომაზე იმყოფებოდა.

უსაფრთხოების ანტიკორუფციული სამსახური აცხადებს, რომ გრიგოლ ივანეიშვილმა უცხოელ ბიზნესმენს წყალტუბოში, შანიძის ქუჩაზე შენობა-ნაგებობისა და მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანას და ბიზნესმენის სასარგებლოდ მის შეძენას დაჰპირდა, რისთვისაც მას 250 ათასი ლარი გამოართვა. გარდა ამისა, ბიზნესმენმა ივანეიშვილს მისი კომპანიის წილის 16% გადაუფორმა. ჩატარებულ აუქციონში გამარჯვების შემდეგ, უცხოელმა ბიზნესმენმა დაპირებული თანხა ივანეიშვილის შვილის ანგარიშზე გადარიცხა.

ამ ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში საჯარო მოხელეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების გამო, 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

გრიგოლ ივანეიშვილი წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს 2017 წლიდან იკავებდა.

XS
SM
MD
LG