Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლეები: მოვითხოვთ, შეწყდეს ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე


„საჭიროდ მიგვაჩნია შევაფასოთ ის არაჯანსაღი პროცესები, რაც მიზანმიმართულად ხორციელდება სასამართლო ხელისუფლების მიმართ“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა 25-ე რიგგარეშე კონფერენციაზე მიიღეს.

მოსამართლეების აზრით, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატურები წარუდგინა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა დაიწყო ამ პროცესის ხელოვნური დისკრედიტაცია, წარდგენილი კანდიდატების მიმართ სიძულვილის ენით საუბარი და „საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით დაუსაბუთებელი და უარგუმენტო შეფასებების გავრცელება“.

კონფერენციის მონაწილეთა შეფასებით, პოლიტიკური ძალების ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ცდილობს ხელყოს სასამართლოს ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა და „დასაჯოს სასამართლო იმისთვის, რომ იხელმძღვანელა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მოქმედი მოსამართლეთა კარიერული დაწინაურების პრინციპით“.

კონფერენციის მონაწილეები მიმარათვენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და მოუწოდებენ - „განახორციელონ ყველა აუცილებელი მოქმედება, რათა შეწყდეს ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე და მიეცეს მას შესაძლებლობა მშვიდ გარემოში განაგრძოს საქმიანობა, ხოლო მოსამართლეთა შერჩევის პროცესი წარიმართოს მხოლოდ სამართლებრივი დისკუსიის ფარგლებში, დემოკრატიული პრინციპების დაცვით.“

XS
SM
MD
LG