Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო ვენესუელის პოლიტიკურ კრიზისზე იმსჯელებს


ხუან გუაიდო პრესკონფერენციაზე კარაკასში, 25 იანვარს
ხუან გუაიდო პრესკონფერენციაზე კარაკასში, 25 იანვარს

გაეროს უშიშროების საბჭო 26 იანვარს იმსჯელებს ვენესუელის პოლიტიკურ კრიზისზე. ამ საკითხის განხილვა აშშ-ის მოთხოვნით მოხდება გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ იორკში. სხდომას დაესწრებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხორხე არეაზა. პომპეომ 25 იანვარს განაცხადა, რომ მოუწოდებს სხვა ქვეყნებსაც, მხარი დაუჭირონ ხუან გუაიდოს, რომელმაც 23 იანვარს თავი გამოაცხადა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად, როცა ვენესუელელები ქუჩაში გავიდნენ და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადადგომას მოითხოვდნენ. მადურომ გაწყვიტა დიპლომატიური კავშირი აშშ-თან და ამერიკის დიპლომატიური კორპუსს ქვეყნის დატოვება მოთხოვა. გუაიდომ 25 იანვარს, პრესკონფერენციაზე, მოუწოდა მომხრეებს, მოაწყონ მასობრივი დემონსტრაციები მომავალ კვირაში და უთხრა მათ, თავისი დაპატიმრების შემთხევაში გააგრძელონ მშვიდობიანი გამოსვლების კურსი. მადურო დიალოგის მომხრეა. აშშ-მა, ევროპის კავშირმა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ნახევარზე მეტმა, ასევე ალბანეთმა, ოპოზიციას გამოუცხადეს მხარდაჭერა. რუსეთი, ირანი, თურქეთი, კუბა, ბოლივია და ნიკარაგუა მადუროს ემხრობიან. მადურომ შარშან მაისში სადავო არჩენებში გაიმარჯვა და მეორე ვადით გახდა პრეზიდენტი. ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა 10 იანვარს. გუაიდო აცხადებს, რომ ვითარება ვენესუელაში„ჰუმანიტარულად საგანგაშოა“.

XS
SM
MD
LG