Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი საფრანგეთს რეგიონის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს


ირანმა ბრალად დასდო საფრანგეთს, რომ ის რეგიონში დესტაბილიზაციას უწყობს ხელს. თეირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას ხედავს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლო დრიანის მუქარაში, რომ ირანს ახალ სანქციებს დაუწესებენ სარაკეტო პროგრამის გამო.

„ისლამური რესპუბლიკა ყოველთვის გამოდიოდა მოწოდებით მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ, წერია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 25 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში. ირანი „საფრანგეთის მიერ განვითარებული და შეტევითი იარაღის მასობრივ გაყიდვას მიიჩნევს რეგიონში წონასწორობის დესტაბილიზაციის ფაქტორად“, წერია განცხადებაში, რომელიც გავრცელდა ლო დრიანის მიერ პარასკევს გაკეთებული განცხადების გამო.

თუ მოლაპარაკებაზე (ირანის) სარაკეტო პროგრამის გარშემო არ იქნება წინსვლა, პარიზი მზად არის თეირანს ახალი სანქციები დაუწესდეს, განაცხადა მინისტრმა. ლო დრიანი აცხადებს, რომ „ირანთან რთული დიალოგი დავიწყეთ და თუ წინსვლა არ იქნა, მზად ვართ ახალი სანქციებისთვის, და ეს მათ იციან“. ლო დრიანმა მოითხოვა ირანის ქმედების შეცვლა რეგიონში, განსაკუთრებით კი, სირიაში სამხედრო ქმედებისა.

„ირანი თავის სარაკეტო პროგრამაზე მოლაპარაკებას არ აპირებს“, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რომ ახალი სანქციები გამოიწვევს ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის გადახედვას. ირანმა თავისი ბირთვული პროგრამა შეზღუდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმების შედეგად. სანაცვლოდ, აშშ-თან, ბრიტანეთთან, გერმანიასთან, რუსეთთან, საფრანგეთთან და ჩინეთთან მიღწეული ამ მორიგების თანახმად, ირანისთვის უნდა გაეუქმებინათ სანქციები.

აშშ-მა უარი თქვა შარშან მაისში შეთანხმების პირობებზე და კვლავ დაუწესა სანქციები ირანს. ირანი აგრძელებს ბალისტიკური რაკეტების განვითარებას და აცხადებს, რომ ეს პროგრამა თავდაცვითი ხასიათისაა. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს ბირთვულ შეთანხმებას, სთხოვს ირანს, არ გამოსცადოს და არ განავითაროს ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია.

XS
SM
MD
LG