აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, საინფორმაციო სააგენტო თურანის რედაქტორი შაჰინ ჰაჯიევი სომხეთს ეწვია და მთიანი ყარაბაღის საკითხზე რეპორტაჟებისა და ინტერვიუების სერია მოამზადა.
დამოუკიდებელ სააგენტოდ მიჩნეული თურანის ცნობით, ერევანში ჰაჯიევი შეხვდა სომხური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს.
თურანი წერს, რომ ვიზიტისთვის თანხმობა მიიღეს როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის შესაბამისი უწყებებისგან და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჰაჯიევსა და მის ასისტენტებს აკრედიტაცია მიანიჭა.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ეს ინფორმაცია სომხეთის საგარეო უწყების პრესსამსახურმაც დაადასტურა. ანა ნაგდალიანის თქმით, ვიზიტი მხოლოდ ჟურნალისტურ საქმიანობას ეხება და სომხურ მხარეს რეპორტიორებისთვის დაბრკოლებები არასდროს შეუქმნია.
სომხეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, ტევან პოღოსიანმა ფეისბუკზე დაწერა: "ახლახან მივეცი ახალი ინტერვიუ საინფორმაციო სააგენტო თურანის ჟურნალისტს, შაჰინ ჰაჯიევს, რომელიც ერევანშია. ვიმედოვნებთ, დაპირებისამებრ, მასალაში სიტყვები და მოსაზრებები არ დამახინჯდება".
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო კონფლიქტი 1989 წელს დაიწყო და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დღემდე დაძაბულია. ამასთან, სომხეთის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერები მშვიდობისთვის მოსახლეობის შემზადებაზე შეთანხმდნენ. მათი რიტორიკა გასულ ათწლეულებთან შედარებით ძალიან პოზიტიურია.