„ქვეყანაში არ არის წითელას ვაქცინის დეფიციტი. მარაგი სრულად აკმაყოფილებს დღესდღეობით არსებულ მოთხოვნას“, - ასე განუმარტეს რადიო თავისუფლებას „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ პრესსამსახურში.
მოქალაქეების ნაწილი სოციალურ ქსელებში წერს, რომ სამედიცინო ცენტრებში, სადაც წითელას ვაქცინაცია მიმდინარეობს, სამედიცინო პერსონალი მათ უარს ეუბნება ვაქცინაციაზე იმ მიზეზით, რომ ქვეყანაში ამოწურულია წითელას ვაქცინის მარაგი. გარდა ამისა, მოქალაქეები ჩივიან იმასაც, რომ ვაქცინაციის მსურველთ სამედიცინო პუნქტები შაბათ-კვირას აღარ ემსახურებიან.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ, იქიდან გამომდინარე, რომ სამედიცინო პუნქტებში მიმართვიანობამ იკლო, აღარ არის საჭირო სამედიცინო პუნქტების შაბათ-კვირას მუშაობა.
ქვეყანაში წითელას ფართო გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად, საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 18 იანვარს გამოსცა განკარგულება, რომელიც მოიცავს წითელას მასიური გავრცელების წინააღმდეგ ყოვლისმომცველ ღონისძიებებს. მისი ძირითადი არსი მოსახლეობის ფართო კონტინგენტის იმუნიზაცია.
იმუნიზაცია ქვეყნის მასშტაბით 68 სამედიცინო ცენტრში მიმდინარეობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 24 იანვრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით წითელაზე 12 000 მოქალაქე აიცრა.
წითელას ვაქცინაცია უფასოა. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ დაავადების მიმართ იმუნიტეტი 200 000-მდე მოქალაქეს არ აქვს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველო წითელას ეპიდემიის ზღვარზეა.