Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ბატიაშვილი: IBSU მობილობის უფლებას კანონში არსებული აკრძალვის გამო ვერ იღებს


განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) მობილობის უფლებას, ამ ეტაპზე, კანონში არსებული აკრძალვის გამო ვერ იღებს.

„როგორც ვიცი, უნივერსიტეტმა დავალიანება დაფარა. ყველა მტკიცებულება წარუდგინა დამოუკიდებელ საბჭოს, რომ დაფარულია დავალიანება და აღმოფხვრილია ყველა ფინანსური რისკი. რაც შეეხება მობილობას, ამ შემთხვევაში კანონია გასასწორებელი, რადგან კანონში არის მუხლი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში, დროებით ავტორიზაცია ჩამორთმეულ უნივერსიტეტს უკრძალავს მობილობას. მე მოხარული ვიქნები, რომ რამენაირად დავეხმაროთ უნივერსიტეტს, მაგრამ ამისათვის კანონში ცვლილება გვჭირდება“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

შავი ზღვის უნივერსიტეტმა პირველკურსელთა მიღების უფლება გასული წლის 8 დეკემბერს დაიბრუნა.

2018 წლის 20 აგვისტოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღების უფლება ერთი წლის ვადით, 2019 წლის 20 აგვისტომდე, შეუზღუდა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, შეზღუდვა იმ ფინანსურ პრობლემებს უკავშირდებოდა, რომელთა წინაშეც შავი ზღვის უნივერსიტეტი იდგა და რაც მათი აზრით, სასწავლო პროცესს სერიოზულ რისკებს შეუქმნიდა.

მობილობის შედეგად შავი ზღვის უნივერსიტეტი მოახერხებს იმ პირველკურსელთა დაბრუნებას, რომლებსაც განაცხადში, პირველ სასწავლებლად მონიშნული ჰქონდათ შავი ზღვის უნივერსიტეტი. შავი ზღვის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ასეთი სტუდენტების რაოდენობა 800-მდეა.

XS
SM
MD
LG