Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ბატიაშვილი: ზუგდიდის სკოლის შემოწმება გადაწყდა არა რამდენიმე წუთში, არამედ დღის ბოლოს


„ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ტრაგედია მოხდა. ყველა კითხვაზე გავცემ პასუხს, რომელიც უკავშირდება ამ საკითხის გარშემო დასმულ კითხვებს“, - ასე ეხმაურება ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საქმეს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, რომელიც პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლაში აუდიტის გაგზავნის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა რამდენიმე წუთში, არამედ სამინისტროში განცხადების შესვლიდან რამდენიმე საათში, სამუშაო დღის ბოლოს.

„მე მირჩევნია, რომ ერთიან ფორმატში გაგცეთ პასუხი, თუ როგორ ხდება წუთებში გადაწყვეტილების მიღება. წუთებში არ ხდება გადაწყვეტილების მიღება. წუთებში ხდება წერილების გადაწერა ერთმანეთზე პასუხისმგებლობის მიხედვით. არსებობს ელექტრონული სისტემა. ბრძანება მიღებულია, თუ არ მეშლება, სამუშაო დღის ბოლოს. გარდა ამის, თქვენ რომ არ დაგრჩეთ შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ასეთი მაგრები ვართ, წარმოვადგენთ სტატისტიკას, წლების განმავლობაში, რამდენ შემთხვევაში და რამდენად ანალოგიურად სწრაფად ხდებოდა აუდიტის გაგზავნა სკოლებში. გვაქვს შემთხვევები, როდესაც პირველივე დღეს იწყებოდა აუდიტორული შემოწმებები. ეს სტატისტიკური მონაცემები შემიძლია წარმოგიდგინოთ განათლების კომიტეტის სხდომაზე“.

სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების მიზეზად მისი ოჯახი და ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ასახელებენ ჯანმრთელობის გაუარესებას პოლიტიკური ნიშნით დაწყებული დევნის გამო. ისინი პასუხისმგებლობას პირადად განათლების მინისტრს აკისრებენ.

ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელაია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ირი, რომლის წერილის საფუძველზეც განათლების სამინისტროს ინსპექტორებმა სავარაუდო დარღვევების გამო სკოლა შეამოწმეს, რეალურად არ არსებობს. შენგელიას განცხადებითვე, განათლების სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტებიდან ისიც გაარკვია, რომ წერილი პროგრამაში ატვირთვიდან 2 წუთში ჰქონდა მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს, რომელმაც 2 გვერდიანი დოკუმენტი 2 წუთში შეისწავლა და მიაწოდა ინსპექტირების სამსახურს.

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა.

განათლების სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ეს იყო რიგითი შემოწმება, რომლის პოლიტიზება დაუშვებელია და აღმოჩენილი დარღვევების მიუხედავად, დირექტორი თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებიათ.

პარლამენტში განათლების კომიტეტის სხდომა დღეს, 7 თებერვალს უნდა გაიმართოს.

XS
SM
MD
LG