Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო: დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების აკრძალვა მოხსნილია


დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების საკითხთან დაკავშირებით აკრძალვა მოხსნილია, - განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. მან ჟურნალისტებთან კომენტარში აღნიშნა, რომ გადამეტებულია საპატრიარქოს განცხადების ინტერპრეტაცია და მისი მუქარად აღქმა საზოგადოების ნაწილის მიერ:

„განცხადებაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ გადაწყვეტილება მისი უწმინდესობის მიერ არის მიღებული. საუბარია იმაზე, რომ მღვდელმსახურს შეუძლია აზიაროს. მღვდელმსახურში იგულისხმება როგორც მღვდელი, ასევე მღვდელმთავარი. ასე რომ, ამ განცხადებით ეს აკრძალვა არის მოხსნილი. რადგანაც მამა გიორგის ბრალეულობის გარშემო დამოკიდებულება არაერთმნიშვნელოვანია, ამიტომ თავად გადაწყვიტოს იმ სასულიერო პირმა ზიარების საკითხი. რაც შეეხება იმ ნაწილს, სადაც პასუხისმგებლობაზე არის საუბარი, ეს არის ჩვეულებრივი სულიერი პასუხისმგებლობა, რომელსაც ესა თუ ის სასულიერო პირი იღებს, როდესაც გადაწყვეტილებას იღებს, ვინ აზიაროს და ვინ არა. საუბარი არ არის არანაირ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე. სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ აქ აჟიოტაჟი ზედმეტადაა შემოტანილი", - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

დეკანოზ გიორგი მამალაძის მოძღვარმა დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ 6 თებერვალს განაცხადა, რომ მზადაა აზიაროს „ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებული დეკანოზი. მან გადაწყვეტილება საპატრიარქოს განცხადების გავრცელების შემდეგ მიიღო. განცხადების თანახმად, მსჯავრდებული დეკანოზის ზიარება ამის მსურველ ნებისმიერ მღვდელმთავარს შეუძლია, თუმცა მან პასუხისმგებლობა თავის თავზე უნდა აიღოს.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე კი აცხადებდა, რომ „ეს არის მუქარა, ვინაიდან განცხადებაში ლაპარაკია იმ მღვდლის პასუხისმგებლობაზე, რომელიც გაბედავს ჩემი ძმის ზიარებას.თორნიკე მამალაძე აღნიშნავდა, რომ როგორც კანონიკური, ისე მორალური თვალსაზრისით ზიარების გადაწყვეტილება ეკლესიის უმაღლესმა მმართველობამ უნდა მიიღოს.

XS
SM
MD
LG