Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზიარებლობა კანონიკურობის გარეშე


პატიმრობაში მყოფი დეკანოზი გიორგი მამალაძე ორი წელია ვერ იღებს ზიარებას.
პატიმრობაში მყოფი დეკანოზი გიორგი მამალაძე ორი წელია ვერ იღებს ზიარებას.

საეკლესიო სამართლის პროცესი, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, ითვალისწინებს სასჯელის ზომის განსაზღვრასაც. განაჩენით ქრისტიანს შეიძლება მიესაჯოს შემდეგი სასჯელი: უზიარებლობა, დაცადება, ხარისხიდან განკვეთა, ანათემა (ყოვლითურთ განკვეთა). ამასთან, როგორც საეკლესიო სამართლის სპეციალისტები განმარტავენ, უზიარებლობა, ჩვეულებისამებრ წარმოადგენს ერისკაცის მიმართ გამოსაყენებელ სასჯელს. უზიარებლობის ვადა განისაზღვრება ეპისკოპოსის მიერ და იგი შეიძლება იყოს 40 დღით დაწყებული სიკვდილამდე.

„ზიარება საკურნებლად სულისა და ხორცისა“

პატიმრობაში მყოფი დეკანოზი გიორგი მამალაძე ორი წელია ვერ იღებს ზიარებას, რის გასაპროტესტებლადაც მისი ოჯახის წევრებმა საპატრიარქოს შენობასთან კარავი დადგეს და შემდეგი შინაარსის ტრანსპარანტი გაშალეს: „ზიარება საკურნებლად სულისა და ხორცისა“. საპროტესტო აქციისა და ზიარების მიღების მოთხოვნის პასუხად, საპატრიარქომ განაცხადა:

“ვინაიდან დეკანოზი თვლის, რომ ის მართალია და ითხოვს ზიარებას, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ დეკანოზის ზიარება შესაძლებელია, მას შეუძლია აზიაროს სასულიერო პირი, თუმცა, საპატრიარქოს განცხადებით, ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა“.

კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებას 6 თებერვალს გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის მოძღვარი, დეკანოზი ნიკოლოზ გიგატაძე, რომელმაც აჭარის ტელევიზიას განუცხადა, რომ მზად არის აზიაროს მსჯავრდებული მღვდელმსახური.

"ალბათ, მარტო მე არ ვარ ასეთი და სხვებიც არიან. პასუხისმგებლობას ყველა მღვდელი გრძნობს, როცა აზიარებს ვინმეს. ზიარება ყველას შეუძლია, თუ რამე აკრძალვა არ არის. როცა გამოძიება მიმდინარეობდა, დეკანოზთან ჩვენ საერთოდ არ გვიშვებდნენ, ყველაფერი დახურული იყო. ზიარების სურვილი რომც ყოფილიყო, დეკანოზთან სამღვდელოებას არ გვიშვებდნენ. ახლა უკვე კურთხევასავით გამოვიდა ეს ნებართვა, რადგან საპატრიარქომ ასეთი განცხადება გამოაქვეყნა, რომ ნებისმიერ მღვდელმსახურს შეუძლია მივიდეს და დეკანოზი აზიაროს, თუ საჭიროდ ჩათვლის. ზიარებას წინ აღსარება უძღვის, როცა აღსარებას ჩაიბარებს მოძღვარი მერე გადაწყვეტს ზიარების საკითხს. თუ არის ეს კურთხევა, რა თქმა უნდა, ვაზიარებ, თუმცა ასე უცებ ეს საკითხი არ გადაწყდება და ალბათ, რამდენიმე დღის განმავლობაში ჩამოვყალიბდები", - განაცხადა დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ, რომელმაც ასევე დასძინა, რომ როგორც მოძღვარს აქამდეც ჰქონდა ამის სურვილი.

თუმცა მსჯავრდებული მღვდელმსახურის ძმა, თორნიკე მამალაძე დარწმუნებულია, რომ საპატრიარქოს განცხადება კურთხევაზე ნებართვას კი არა, უფრო მეტად შეიცავს მუქარას.

„როცა საქმე ეხება ასეთი ტიპის რეზონანსულ საქმეს და ზოგადად, საპყრობილეში მყოფ სასულიერო პირს, კანონიკური თვალსაზრისითაც და მორალურითაც, ზიარების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ეკლესიის უმაღლესმა მმართველობამ. ის განცხადება, რაც საპატრიარქომ გააკეთა, არ ნიშნავს ლოცვა-კურთხევის გაცემას მამა გიორგის ზიარებასთან დაკავშირებით. პირიქით, ეს არის მუქარა, ვინაიდან განცხადებაში ლაპარაკია იმ მღვდლის პასუხისმგებლობაზე, რომელიც გაბედავს ჩემი ძმის ზიარებას. მამა ნიკოლოზი (გიგატაძე) დარწმუნებულია ჩემი ძმის უდანაშაულობაში და მზად არის ის აზიაროს, მაგრამ ჩვენ ვერ დავაყენებთ მას დარტყმის ქვეშ, ვინაიდან მას ამის გამო დასჯიან. ამიტომაც ჩემი პროტესტი გრძელდება იქამდე, ვიდრე საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაცია ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ აიღებს“, - ამბობს თორნიკე მამალაძე.

ვინ დასაჯა დეკანოზი მამალაძე უზიარებლობით?

ამ კითხვის პასუხად გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისთვის ცნობილი არ არის რამე სახის დოკუმენტი ან გადაწყვეტილება, რომელშიც აღწერილი ან დასაბუთებული იქნებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძისათვის ამგვარი სასჯელის განსაზღვრა.

„ყველა ერთმანეთისკენ იშვერს ხელს. იაკობი დიმიტრისკენ, დიმიტრი იაკობისკენ და ა.შ. არანაირი გადაწვეტილება ჩვენ არ გვინახავს. ეგ კი არა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო როცა შეხვდა დეკანოზ მამალაძეს, დაჰპირა, რომ შობამდე შედგებოდა მისი ზიარება, მაგრამ მერე რატომღაც შეიცვალა ეს გადაწვეტილება“, - უთხრა მიხეილ რამიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრეც ამბობს, რომ გასარკვევია საკითხი, თუ როგორ მოხდა დეკანოზისათვის ზიარების აკრძალვა.

„საეკლესიო სასამართლო ადრე თუ გვიან შეეხება საკითხს: როგორ მოხდა, თავიდან ჯერ თითქოს ქორეპისკოპოსმა აუკრძალა ზიარება, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა, შემდეგ მეუფე დიმიტრიმ აუკრძალა... საერთოდ ორი წლის განმავლობაში რატომ იყო უზიარებლობით დასჯილი? ორი წელი მამაოს უზიარებლობა იყო ძალიან დიდი შეცდომა, დანაშაული, არაქრისტიანული საქციელი“, - ამბობს მიტროპოლიტი პეტრე, რომლის თქმითაც, დეკანოზ მამალაძის არზიარება მიზნად ისახავდა ეჭვის გაღვივებას, რომ მან ჩაიდინა დანაშაული.

„ასეთი იაფფასიანი გათვლა იყო“, - დასძენს ჭყონდიდის მიტროპოლიტი.

რას ნიშნავს უზიარებლობა

ზიარება ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლოა. იგი ასევე იწოდება ევქარისტიად, რაც ბერძნულად სამადლობელს ნიშნავს. ევქარისტიის საიდუმლო თავად მაცხოვარმა დაადგინა და აღასრულა საიდუმლო სერობის დროს. მათეს სახარებაში ვკითხულობთ: და როცა ჭამდნენ ისინი, აიღო პური იესომ და აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი. აიღო სასმისი და აკურთხა, მისცა მათ და თქვა: ამით სვით ყველამ: ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული ცოდვათა მისატევებლად.

ზიარების საიდუმლოთი ქრისტიანი ადამიანი უერთდება განკაცებულ ღმერთს, განიწმინდება, განსულიერდება, განღრთომის გზაზე დგება, ეძლევა შესაძლებლობა სამარადჟამოდ მასთან ერთად იყოს. მაცხოვარი ამბობს წმინდა წერილში: ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, აქვს ცხოვრება საუკუნო და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს , რადგანაც ხორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელია და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასმელი. ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემ სისხლს ის ჩემშია და მე მასში.

თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილის თქმით, საეკლესიო სამართლის მიხედვით, თუკი სასულიერო პირი არის მსჯავრდებული, მას დროებით მღვდელმსახურებიდან განაყენებენ ხოლმე, რაც გულისხმობს წირვა-ლოცვის და სხვადასხვა საეკლესიო საიდუმლოების შეზღუდვას, მაგრამ ზიარებიდან განყენება მეტწილად არ ხდება ხოლმე.

„ეს კეთდება განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევაში. როგორც ჩანს, საპატრიარქო იზიარებს პროკურატურის ხედვას. აქ გვაქვს ორი ვერსია: ან საპატრიარქომ იცის გამოძიების დეტალები, რომლებიც საზოგადოებისათვის არ არის ხელმისაწვდომი ან უბრალოდ მას აწყობს, დაინტერესებული მხარეა და ემხრობა სახელმწიფოს ვერსიას.

ნებისმიერ შემთხვევაში საპატრიარქოს პოზიცია და დამოკიდებულება არის არაჰუმანური, არამართლზომიერი ზნეობრივი და სულიერი თვალსაზრისით, რამეთუ არავითარი წინააღმდეგობა არ უნდა არსებობდეს საპყრობილეში შესვლაზე, მონახულებაზე, ზიარების მიცემაზე და აღსარების მიღებაზე - ნებისმიერი პირის მიმართ მღვდელმსახური, განსაკუთრებით ეპისკოპატი ვალდებულია გამოიჩინოს იკონომიის პრინციპით გულმოწყალება და გარკვეულწილად შეუმსუბუქოს ადამიანს ის სიძნელეები, რომლებიც შესაძლოა მას ჰქონდეს საკანში“, - ამბობს გიორგი ტიგინაშვილი.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილიც ამბობს, რომ არანაირი გამართლება არ აქვს დეკანოზ გიორგი მამალაძის უზიარებლობას.

ბექა მინდიაშვილი
ბექა მინდიაშვილი

„ქრისტიანული თეოლოგიით ასეა - ზიარებით შეიძლება გახდეს ადამიანი ღმერთი ხორციელად. შეიძლება გარეგნულად ყველაზე დაცემული ადამიანი, ცოდვებში ჩაფლული იყოს ყველაზე ღირსი ზიარებისა და პატრიარქი კი იყოს ამპარტავნებაში ჩაფლული - ვინ არის ამის გამზომი? ამიტომ არ შეიძლება უარი უთხრა მორწმუნეს ზიარებაზე. შენს ხელმწიფებაში არ არის ეს. გაუგებარია პატიმრისადმი ასეთი დამოკიდებულება, თუნდაც მტერი იყოს საპატრიარქოსი ანდა რომელიმე სასულიერო პირის. რომის პაპის მაგალითი უნდა გავიხსენოთ, როდესაც იოანე-პავლე მეორე შევიდა საპყრობილეში იმ ადამიანთან, მეჰმედ ალი აგჯასთან, რომელმაც ესროლა და გაწირა იგი. შევიდა და გამოაცხადა, რომ პატიობს ამ ცოდვას. ეს იყო ქრისტიანული ძალისხმევა. ეს არის ქრისტიანობა. სხვა არჩევანი ქრისტიანს პრინციპში არ აქვს“, - უთხრა ბექა მინდიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG