დიდი ბრიტანეთის სასამართლომ 650 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა მოლდოვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვლად ფილატის შვილს. ლუკა ფილატმა, გამოძიების თანახმად, 500 ათასი დოლარი გადაიხადა დასავლეთ ლონდონში მდებარე პენტჰაუსის (სახლის ზედა სართულზე მდებარე ცალკე ფართობის) დაქირავებაში, „მამამისის უკანონო საქმიანობით მიღებული ფულით“. ამის შესახებ ბრიტანეთის ეროვნული კრიმინალური სააგენტოს 7 თებერვლის განცხადებაშია ნათქვამი.
მოლდოვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატი 9 წლიან საპატიმრო სასჯელს იხდის სამშობლოში მას შემდეგ, რაც 2016 წელს სასამართლომ იგი დამანაშავედ სცნო ქვეყნის ბანკებიდან ერთი მილიარდი დოლარის დაკარგავში იმ დროს, როდესაც ფილატი მოლდოვის პრემიერ-მინისტრი იყო. დაკარგული თანხა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10%-ს შეადგენს.
22 წლის ლუკა ფილატი, რომელიც ლონდონში სასწავლებლად 2016 წელს გაემგზავრა, გულმოდგინე თვალთვალის ქვეშ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც იგი დიდძალ ფულს ხარჯავდა ფუფუნების საგნებსა და მომსახურებაში, მის საკუთრებაში აღმოჩნდა ასევე 259 ათას დოლარად შეძენილი ავტომანქანა „ბენტლი“.