მას შემდეგ, რაც გარდამავალი პრეზიდენტი და მთავრობა სრულ კონტროლს მოიპოვებს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოსთან, - ამის შესახებ განაცხადა აშშ-ში ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის წარმომადგენელმა კარლოს ალფრედო ვეკიომ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღირებასთან დაკავშირებით საუბრის დროს.
აშშ-სთან, კანადასთან და სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანასთან ერთად საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა აღიარა ეროვნული ასამბლეის მეთაური, ხუან გუაიდო ვენესუელის ლეგიტიმურ, დროებით პრეზიდენტად.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ვენესუელელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა იმას, რომ გარდამავალი პრეზიდენტი აღიარებს საქართველოს, როგორც ერთადერთ ქვეყანას, რომელსაც გააჩნია იურისდიქცია აღნიშნულ ტერიტორიებზე. „არსებული სიტუაცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს”, -აღნიშნა აშშ-ში ვენესუელის გარდამავალი პრეზიდენტის წარმომადგენელმა.
ვენესუელამ, ნიკარაგუასა და ნაურუსთან ერთად სცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს სეპარატისტული რეგიონები დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოებად აღიარა 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან ორიოდ კვირაში.