Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მრავალშვილიანი დედების რბოლა ჩაიშალა, მთაწმინდის გამგეობა ახალ ტენდერს გეგმავს


მთაწმინდის გამგეობამ ავტოსპორტის მოყვარული მრავალშვილიანი დედების ავტორბოლის ჩასატარებლად გამოცხადებული ტენდერი შეწყვიტა.

გადაწყვეტილება სატენდერო კომისიის სხდომამ მიიღო. აღმოჩნდა, რომ ღონისძიებით ძირითადად ის დედები დაინტერესდნენ, ვინც მრავალშვილიანებად ვერ ჩაითვლება. ტენდერი განახლებული პირობებით ისევ გამოცხადდება, თუმცა სავარაუდოდ 3 მარტს, დედის დღეს ვეღარ მოესწრება.

15 თებერვლით დათარიღებული ოქმი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზეა გამოქვეყნებული. მასში წერია: „ტენდერის დასრულების ეტაპზე, მოიმატა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით, გამგეობაში შემოსულმა შეტყობინებებმა, სადაც ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრებმა იმ ქალბატონებმაც, რომლებიც არ არიან მრავალშვილიანები". ოქმში აღნიშნულია, რომ ვინაიდან, სახელმწიფო შესყიდვების, კანონმდებლობის მიხედვით, დოკუმენტაციაში შეუძლებელია ცვლილებების შეტანა და მსურველთა უმრავლესობის დაკმაყოფილება, ტენდერი შეწყდა. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით მომზადდება ახალი სატენდერო დოკუმენტაცია.

მრავალშვილიანი დედების რბოლისთვის მთაწმინდის გამგეობას ტენდერი 14 თებერვლამდე ჰქონდა გამოცხადებული, სატენდერო თანხით - 14 115 ლარი. მას მხოლოდ ერთი პრეტენდენტი ჰყავდა, „საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაცია“. ის გამგეობას ღონისძიების ორგანიზებას 13 938 ლარად სთავაზობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG