Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ მაჩალიკაშვილს „ქართულმა ოცნებამ“ პასუხი არ გასცა


თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე „ქართული ოცნების“ გარდა თანხმობა ყველა პოლიტიკურმა ძალამ განაცხადა. ინფორმაცია ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მიაწოდა საზოგადოებას.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მმართველი პარტია თავს იკავებს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისგან, რადგან მათ „ზემოდან აქვთ მითითება“.

„10 სამუშაო დღე გავიდა მას შემდეგ რაც კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტის ყველა დეპუტატს წერილით მივმართე. ათი დღის შემდეგ მივიღე პასუხი, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის მზაობა გამოთქვა „ნაციონალურმა მოძრაობამ,“ „ევროპულმა საქართველომ“ „პატრიოტთა ალიანსმა“ და მამუკა ჩიქოვანმა. მმართველი პარტია დუმს. როგორც ჩანს, ზემოდან ელოდებიან მითითებას. მივმართავ დეპუტატებს, გამოიჩინონ გულისხმიერება და შეიქმნას საგამოძიებო კომისია“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტიც, სასამართლოც და მთლიანად ხელისუფლება ებრძვის მას.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტში განცხადებები შეიტანა 150-ივე დეპუტატის სახელზე. მალხაზ მაჩალიკაშვილს აინტერესებდა პარლამენტის წევრების პოზიცია, ემხრობიან თუ არა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე.

XS
SM
MD
LG