Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან იზორია ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ერევანში შეხვდა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახური პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ნიკოლ ფაშინიანი მიესალმა სომხეთში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტს და ხაზი გაუსვა სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის ძმური ურთიერთობების განვითარების და დაახლოების მნიშვნელობას.

ნიკოლ ფაშინიანმა გაიხსენა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან იანვარში, ბოლნისში გამართული შეხვედრა და განაცხადა, რომ სომხეთის და საქართველოს ურთიერთობებში დღეს არსებული მეგობრული და საქმიანი გარემო ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაფართოებას და ახალ დონეზე გადასვლას.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობითვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ხაზი გაუსვა სომხეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის 2019 წლის პროგრამის ხელმოწერას. იზორიას განცხადებით, საქართველო დაინტერესებულია მეგობარ სომხეთთან ურთიერთობების განმტკიცებით და მზად არის ეფექტური თანამშრომლობის გასაგრძელებლად.

ნიკოლ ფაშინიანმა და ლევან იზორიამ ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების, სტაბილურობის უზრუნველყოფის და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების საკითხებსა და ამ მიმართულებებით ერთობლივი ძალისხმევის როლზე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა რეგიონული კონფლიქტების მოსაგვარებლად ორმხრივი დაბალანსებული პოზიციის მნიშვნელობას. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონში კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და მხარს უჭერს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების ძალსისხმევას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია სომხეთში ოფიციალური ვიზიტით 21 თებერვალს ჩავიდა. იმავე დღეს ერევანში გაიმართა მინისტრების, ლევან იზორიას და დავით ტონოიანის შეხვედრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG