საბჭოთა ოკუპაციის დღეს, 25 თებერვალს საქართველოში პატივი მიაგეს 1921 წელს, რუსულ წითელ არმიასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერებს.
კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან იმყოფებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების და ხელისუფლების წარმომადგენლები.
„იმ დღეს დასრულდა ბრძოლა, მაგრამ არ დასრულებულა საქართველოსთვის ბრძოლა, რომელიც გრძელდება მისი დამოუკიდებლობისთვის" - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მან წუხილი გამოთქვა, რომ მემორიალის გარდა, არაფერი მიანიშნებს საქართველოს თავისუფლების დასაცავად კოჯორში გამართულ ისტორიულ ბრძოლაზე.
საპარლამენტო უმცირესობის და პარტია "ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საბჭოთა ოკუპაცია დასრულდა, მაგრამ არ დასრულებულა ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის. ბაქრაძის თქმით, საქართველო დღესაც ოკუპაციის ქვეშ არის და დღესაც იბრძვის საკუთარ ოჯახში - ევროპაში დასაბრუნებლად.
25 თებერვალს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე უწოდა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ. მისი განცხადებით, საქართველო მსგავსი გამოწვევის წინაშეა 2008 წლის შემდეგაც, როცა რუსეთმა განახორციელა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია. იზორიას თქმით, ქვეყანა ამ გამოწვევას პასუხობს ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციით. "დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო მხარდაჭერით აუცილებლად უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი გზით დეოკუპაციას” - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.