Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ODHIR-მა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე დაკვირვების შედეგები შეაჯამა


ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ბიურომ(ODHIR) გამოაქვეყნა საბოლოო ანგარიში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ.

დოკუმენტის თანახმად, 2018 წლის არჩევნები კონკურენტული იყო და პროფესიონალურად ჩატარდა, კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა, ძირითადი თავისუფლებები საერთო ჯამში, დაცული იყო და ამომრჩევლებს ჰქონდათ რეალური არჩევანი.

ამასთან, საარჩევნო პროცესში გამოყენებული იყო ადმინისტრაციული რესურსი და საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდნენ მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირები მმართველი პარტიიდან.

ანგარიშის თანახმად, საარჩევნო კამპანიას ჩრდილი მიაყენა ნეგატიურმა და ზოგჯერ ძალადობრივმა რიტორიკამ, განსაკუთრებით მეორე ტურში და ამას ხელისუფლების რეაგირება არ მოჰყოლია. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ბიურო მიიჩნევს, რომ სიძულვილის გაღვივების პოტენციური შემთხვევების წინააღმდეგ აუცილებელია ნორმების გამკაცრება და სანქციების დროულად გამოყენება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საარჩევნო კამპანიისთვის ყველაზე მეტი შემოწირულება მიიღო მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა და ის იყო ერთადერთი, ვისაც კრედიტი მისცა მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან კავშირის მქონე ბანკმა.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ბიურო აღნიშნავს, რომ ადრე გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხი არასაკმარისადაა დარეგულირებული და საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

ანგარიშში საუბარია არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მთავრობის მიერ მოწყვლადი ჯგუფების სასარგებლოდ გამოცხადებულ სოციალურ პროექტებზე, რაც შესაძლოა შეფასდეს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ გამოყენებად და შეშფოთებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ასეთი პროექტი მთავრობის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი იყო, საარჩევნო კამპანიის პერიოდში გამოქვეყნებამ არასამართლიანი უპირატესობა მიანიჭა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს.

ამ კონტექსტში მოხსენიებულია 600 000-მდე მოქალაქისთვის საფინანსო ორგანიზაციების წინაშე არსებული დავალიანების ჩამოწერა, რაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ბიუროს რესპონდენტების მიერ შეფასდა საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებით აკრძალულ ამომრჩევლის მოსყიდვად.

ანგარიშის თანხმად, წაშლილია ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს წინაშე საქართველოს ვალდებულებებს და საერთაშორისო პრაქტიკას.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ბიურო აღნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტურისთვის ორივე პოლიტიკურმა ძალამ გააქტიურა ძალისხმევა ამომრჩევლების მობილიზაციისთვის, მათ შორის ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში და კოორდინატორებს იყენებდნენ ამომრჩეველთა პოლიტიკური განწყობების გასარკვევად.

ანგარიშის თანახმად, ბევრი რესპონდენტი იუწყებოდა მმართველი პარტიის მხრიდან ზეწოლასა და დაშინებაზე, განსაკუთრებით საჯარო მოხელეებსა და სახელმწიფოს სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებულ ჯგუფებზე.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ბიურო აღნიშნავს, რომ ხმის მიცემის ფარულობის გარანტიების მიუხედავად, შემაშფოთებელია, როცა ამომრჩეველი ხმას აძლევს ანგარიშსწორების შიშით.

XS
SM
MD
LG