Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პედოფილების შტაბი“ - ასეთი წარწერა გაჩნდა ნავალნის შტაბის ფასადზე სანკტ-პეტერბურგში


სანკტ-პეტერბურგის ცენტრში მდებარე ალექსეი ნავალნის მომხრეების შტაბის ფასადზე წუხელ გაჩნდა წარწერა „პედოფილების შტაბი“. ამის შესახებ ცნობა რამდენიმე მედიამ გაავრცელა. „მედიაზონის“ კორესპოდენტის თქმით, მოგვიანებით წარწერა ნაწილობრივ წაშალეს, შენობასთან კი გამოჩნდნენ სამართალდამცველები.

იუწყებიან, რომ შტაბის წინ შეიკრიბნენ ადამიანები პლაკატებით: „ბავშვები საფრთხეშია“, „ნავალნი იცავს გარყვნილებს“. შეკრებილები ამტკიცებდნენ, რომ მათი აქცია შეთანხმებულია. მოპიკეტეთა შორის „მედიაზონის“ კორესპოდენტმა ამოიცნო აქტივისტი, რომელიც მმართველი „ერთიანი რუსეთის“ ე.წ. „ახალგაზრდული გვარდიის“ წევრია.

თებერვალში სანკტ-პეტერბურგში გარყვნილი ქმედებისათვის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა 18 წლის ოპოზიციონერ აქტივისტს ვლადიმირ კაზაჩენკოსა და მის მეგობარ ვადიმ ტიშკინს. მათ ბრალად წაუყენეს 14 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირი. საინფორმაციო სააგენტო „ნევის სიახლეებმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ერთ-ერთი ფიგურანტი გაურკვეველ ფხვნილს ყნოსავს ალექსეი ნავალნის წინასაარჩევნო პლაკატის ფონზე. დაპატიმრებულები თავს დამანაშავედ არ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ნარკოტიკები მათ ჩაუდეს.

თებერვლის დასაწყისში ალექსეი ნავალნიმ, კრემლის ოპონენტმა და ცნობილმა ანტიკორუფციონერმა ბლოგერმა, გამოაცხადა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება ნოემბრისათვის დანიშნული სანკტ-პეტერბურგის მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატების შერჩევისთვის.
ნავალნიმ რეგიონულ აქტივისტებს წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქალაქში ამოქმედდება მისი პროექტი „გონივრული კენჭისყრა“, რომელმაც უნდა უზრუნველყოს აქტიური ამომრჩევლის კონსოლიდირებული კენჭისყრა მმართველი „ედინაია როსიას“ წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG