"როდესაც ეკლესიაზე აპელირებთ და ღმერთზე, უხერხულია შეურაცხყოფას აყენებდეთ პარლამენტის წევრებს და ამბობდეთ, რომ თურმე ბოროტებას ვქადაგებთ და ბოროტების გატარება გვსურს ამ კანონპროექტით. ეს სამწუხაროა. მეტი სოლიდარულობა, მეტი ურთიერთპატივისცემა გვმართებს, მით უმეტეს, როცა საუბრობთ ეკლესიაზე. ეკლესიის და ღმერთის სიყვარულში ნუ შეგვეჯიბრებით. ყველამ მივხედოთ საკუთარ სულიერ გარემოს. " - ასე მიმართა დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ალექსანდრე ფალავანდიშვილს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პარლამენტში, სადაც ბავშვთა უფლებების კოდექსის განხილვა მიმდინარეობს. განხილვას სასულიერო პირებიც ესწრებიან. ალექსანდრე ფალავანდიშვილმა განხილვისას თქვა, რომ პარლამენტი გაეროს დაკვეთით იღებს კანონს, რომელიც "ოჯახების დანგრევას, ბავშვების გარყვნას და ლგბტ დოქტინას გამოიწვევს. "
ბავშვთა უფლებების კოდექსის მიღებას სასულიერო პირების ნაწილი და ულტრანაციონალისტური ჯგუფები მიუღებლად მიიჩნევენ.