Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე: ვკითხოთ ტვ პირველის ჟურნალისტებს აქვს თუ არა რაიმე ბერკეტი მათზე ხაზარაძეს?


„გვსურს ვკითხოთ ტვ პირველის ჟურნალისტებს, აქვს თუ არა რაიმე ბერკეტი ან გავლენა ბატონ მამუკა ხაზარაძეს მათზე“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ ე.წ. მუქარის წერილს, რომელიც „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, მას შუამავლის ხელით გაუგზავნა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

როგორც ე.წ. მუქარის წერილის ასლში ვკითხულობთ, „TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე. გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან)“; ასევე „არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი“.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რაკიღა მამუკა ხაზარაძემ წერილის ასლი პროკურატურაში წარადგინა როგორც მტკიცებულება, კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს: „როგორ ან რა ფორმით უნდა მოეხდინა მათზე ზეგავლენა მამუკა ხაზარაძეს. საინტერესოა, რომ ამ კითხვაზე ტელევიზიის წარმომადგენლებმაც გვიპასუხონ“.

არჩილ თალაკვაძისთვის გაუგებარია ტელეკომპანია „არტარეას“ პოლიზიტირების საკითხიც: „რაში შეიძლება უშლიდეს ხელს ხელისუფლებას არხი, რომელიც ყველამ ვიცით, რომ კულტურასა და ხელოვნებაზე აკეთებს გადაცემებს და საჯარო ლექციებს გადმოსცემს“.

ტელეკომპანია "არტარეას" ასპროცენტიანი წილის მფლობელი "თიბისი ფონდია" და ის კულტურის სიახლეებს აშუქებს.

"ტვ პირველის" ასპროცენტიანი წილის მფლობელი კი მამუკა ხაზარაძის მიერ დიდი ხნის მეგობრად დასახელებული ბიზნესმენის ავთანდილ წერეთლის ვაჟი ვახტანგ წერეთელია.

მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ძალიან აფასებს“ ავთო წერეთელთან ურთიერთობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG