Accessibility links

site logo site logo

თეონა დოლენჯაშვილი: ხაზარაძის წერილი „რევანშიზმის დრო არ არის“, მუქარის შემდეგ დაიწერა


„განცხადება სახელწოდებით „რევანშიზმის დრო არ არის“, მამუკა ხაზარაძემ გასული წლის 2 ნოემბერს მას შემდეგ გაავრცელა, რაც მან მუქარის წერილი მიიღო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეონა დოლენჯაშვილმა.

თუმცა, მისი თქმით, როგორც ჩანს, ხელისუფლებისათვის მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებული წერილის პათოსი არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც მათ სურდათ:

„თუკი დააკვირდებით, წერილის ასლში, რომელიც პროკურატურამ დღეს გაასაჯაროვა, მოთხოვნილია, რომ მამუკა ხაზარაძემ უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში, რომ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მათ ნაციონალური მოძრაობის პირობებში და ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ. თუმცა, მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ წერილში ასეთი მოწოდება არ იყო და არც 10 ათასი თანამშრომლისადმი მოწოდება არ იყო, რომ „ქართული ოცნებისათვის“ დაეჭირათ მხარი და როგორც ჩანს, ამ წერილის შინაარსმა ისინი არ დააკმაყოფილა“.

მამუკა ხაზარაძემ წერილი სახელწოდებით „რევანშიზმის დრო არ არის“ გასული წლის 2 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან ოთხ დღეში გამოაქვეყნა. როგორც „თიბისი“ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე განცხადებაში წერს, ის პოლიტიკაში არასდროს ჩარეულა, თუმცა, ამჯერად, თავს მოვალედ თვლის, რომ ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რამდენიმე სიტყვა თქვას:

„როგორც ბიზნესის წარმომადგენელი, დიდი იმედით შევცქეროდი სასამართლო სისტემაში მოსალოდნელ რადიკალურ რეფორმებს, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენტული გარემოსა თუ ზოგადად, სამართლიანობის შეგრძნების გაჩენისთვის. სამწუხაროდ, დღემდე ეს არ მოხდა, მაგრამ ახლა გაცილებით რთული და გამოწვევებით სავსე რეალობის წინაშე დავდექით. ეს არის რევანშიზმი, რომელსაც შეუძლია, ქვეყნის განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს და გამოიწვიოს ქაოსი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის განცხადებებიც, რომელიც რამდენიმე თვეა მესმის და რომელიც განუწყვეტლივ გრძელდება თუნდაც ჩემი და ჩემი კომპანიების, ჩემი მონაწილეობით წარმოებული ბიზნესებისა და იმ პროექტების მიმართ, რომელიც ჩემი და ჩვენი 10 000 კაციანი გუნდის ღრმა რწმენით, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის“, – წერს მამუკა ხაზარაძე თავის წერილში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG