თბილისში, გორკის ქუჩაზე დროებით საცხოვრებელ სახლთან დააკავეს აშშ-ის მოქალაქე, რომელიც თავის სამშობლოში ბრალდებულია არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ დანაშაულში. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული, აშშ-ის მოქალაქე ჯ.ს, რომელიც ტეხასის შტატის მიერ 2018 წლიდან იძებნება
შსს-ს ინფორმაციით, ჯ.ს-ს 2017 წელს, ქალაქ ოსტინში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალი ედება ტეხასის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით: არასრულწლოვნის წინააღმდეგ სექსუალური დანაშაული, რაც 25 წლით თავისუფლების აღკვეთას ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს, დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვნის წინააღმდეგ განხორციელებული სექსუალური დანაშაული, რაც გულისხმობს 99 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და არასრულწლოვანთან უხამსი სახის კონტაქტი, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.