Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თიბისი" ბანკის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის პროექტი პარლამენტს 11 მარტს წარედგინება


პარლამენტის ბიუროს 11 მარტის სხდომაზე წარედგინება დადგენილების პროექტი, რომელიც “თიბისი“ ბანკსა და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

დადგენილების პროექტი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა მოამზადეს.

„პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისიდან მოყოლებული, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებათა მხრიდან (ეროვნული ბანკი, პროკურატურა,ფინანსური მონიტორინგის სამსახური, ფინანსთა სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო) მიმდინარეობს ორგანიზებული შეტევა "თიბისი" ბანკზე. კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ შს მინისტრი გიორგი გახარია დაადანაშაულა ზეწოლასა და მუქარაში, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და მისი მოადგილე - შანტაჟში".

პროექტის ავტორთა თქმით, საეჭვოა პროკურატურის მხრიდან “თიბისი“ ბანკის ირგვლივ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის კვალიფიკაცია, რაც მათი განცხადებით, რეპუტაციულ ზიანს აყენებს ბანკს.

"გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა შესწავლა და შესაბამისი რეაგირება დროებითი საგამოძიებო კომიტეტის შექმნის მიზეზსა და მიზანს წარმოადგენს, კერძოდ: ვინ დგას “თიბისი” ბანკის მიმართ განხორციელებული ორკესტრირებული შეტევის უკან; ხომ არ უკავშირდება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე ზეწოლა ანაკლიის პორტის მშენებლობას; ვინ არის “თიბისი ბანკის“ კომპიუტერულ სისტემაში შეღწევის ორგანიზატორი და რატომ ჭიანურდება ამ საქმის გამოძიება; ვინ დგას სოციალურ მედიაში ხელისუფლების მხარდამჭერი გვერდების მეშვეობით განხორციელებული საინფორმაციო შეტევის უკან".

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლების განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისია შეისწავლის აღნიშნულ საქმეს, შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და გამოაქვეყნებს დასკვნას, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, გამოძიების ეფექტურად წარმართვას და, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას. სწორედ აღნიშნულ მიზანს ისახავს დადგენილების პროექტი.

დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადად განსაზღვრულია სამი თვე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG