Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პარლამენტმა ისევ უარყო ბრექსიტის შესახებ ევროკავშირთან შეთანხმების გეგმა


ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ უკვე მეორედ უარყო ბრექსიტზე ევროკავშირთან შეთანხმების პროექტი, რომელიც მას პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ წარუდგინა. მეის გეგმას მიემხრო 242 პარლამენტარი, წინააღმდეგი იყო 391.

კენჭისყრის შედეგის გამოცხადების შემდეგ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ბრექსიტის გეგმის კვლავ უარყოფამ „მნიშვნელოვნად გაზარდა“ ევროკავშირიდან ბრიტანეთის ყოველგვარი შეთანხმების გარეშე გასვლის საფრთხე.

კენჭისყრამდე პარლამენტში გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ თუ დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ შეთანხმებას, საქმე შესაძლოა საერთოდ არ მივიდეს ბრექსიტამდე. მან მოუწოდა ყველას, ვინც საჭიროდ მიიჩნევს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შესახებ რეფერენდუმის შედეგის შესრულებას, მხარი დაუჭიროს შეთანხმების პროექტს. ბრიტანეთის პარლამენტმა იანვარში უარყო ტერეზა მეის წინა გეგმა.

ორშაბათ-სამშაბათის ღამეს, სტრასბურგში ევროკავშირის ლიდერებისა და მეის მოლაპარაკების შედეგად მიაღწიეს ცვლილებებს ბრექსიტის შესახებ შეთანხმებაში.

მაგრამ დიდი ბრიტანეთის გენერალური პროკურორის, ჯეფრი კოკსის შეფასებით, არც ამ ცვლილებებით არის გარანტირებული, რომ ბრიტანეთი ცალმხრივი წესით შეძლებს უარის თქმას „ბექსტოპად“ წოდებულ მექანიზმზე, რომელსაც შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს.

„ბექსტოპი“ ნიშნავს, რომ სანამ ბრიტანეთი და ევროკავშირი ვერ შეთანხმდებიან ირლანდიის საზღართან დაკავშირებულ რეჟიმზე, ბრიტანეთმა კვლავინდებურად უნდა დაიცვას ევროკავშირის საბაჟო და სხვა წესები.

პირველ რიგში, სწორედ „ბექსტოპი“ იწვევს უკმაყოფილებას ბრექსიტის მომხრეებში. იმის გათვალისწინებით, რომ ტერეზა მეის გეგმას ასევე ეწინააღმდეგებიან ლეიბორისტები და სხვა ოპოზიციური პარტიების წევრები, წინასწარვე ვარაუდობდნენ, რომ პრემიერ-მინისტრი ვერ მიიღებდა საკმარის ხმებს ევროკავშირთან შეთანხმებული დოკუმენტის დასამტკიცებლად.

ბრიტანეთს 29 მარტი აქვს განსაზღვრული ევროკავშირიდან გასვლის ოფიციალურ თარიღად - შეთანხმების საფუძველზე თუ შეთანხმების გარეშე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG