Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

BAG-ი მზად არის საჭიროების შემთხვევაში დაიცვას "თიბისი ბანკის" სამართლიანი ინტერესები


"თიბისი ბანკი"
"თიბისი ბანკი"

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ(BAG) გაავრცელა განცხადება „თიბისი ბანკის“ გარშემო ბოლო ხანს გავრცელებული მოვლენების გამო.

ასოციაციის ინფორმაციით, იანვრის დასაწყისში, როგორც კი ცნობილი გახდა “თიბისი ბანკისა” და მისი დამფუძნებლების გარშემო არსებული ვითარება, ბიზნეს ასოციაციამ ბანკის დამფუძნებლებთან მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან გამართა შეხვედრა, რომლის დასრულებისთანავე კომუნიკაცია დაამყარა პრემიერ-მინისტრთან და ის მეორე დღესვე შეხვდა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს.

„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო დაგვეცვა ჩვენი წევრი კომპანიის, “თიბისი ბანკის” ინტერესები. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე გამოვთქვით მზადყოფნა, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მზად იყო შუამავლის როლი ეთამაშა “თიბისი ბანკსა” და ეროვნულ ბანკს შორის. პრემიერმა აღნიშნა, რომ „თიბისი ბანკი“ არის სისტემური ბანკი, რომ მას ძალიან კარგად ესმის „თიბისი ბანკის“ როლი და ადგილი საქართველოს ფინანსური სისტემის სტაბილურობის საქმეში და მოგვცა გარანტია, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებდა, რათა მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული ბანკის რეპუტაცია. უფრო მეტიც, მომდევნო დღეებში იწყებოდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში და პრემიერმა აღნიშნა, რომ იქაც აპირებდა გაეკეთებინა შესაბამისი განცხადება „თიბისი ბანკის“ შესახებ. ამის შემდგომ ასოციაციამ “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით საჯარო სივრცეში გააკეთა ორი განცხადება და ჩვენ მკაფიოდ დავიცავით „თიბისი ბანკის“ ინტერესები“ - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია „ობიექტურობის დაცვის მიზნით“ აღნიშნავს, რომ “თიბისი ბანკთან,” როგორც საბანკო ინსტიტუტთან დაკავშირებით მოვლენები ისე განვითარდა როგორიც იყო დაპირება პრემიერ-მინისტრის მხრიდან.

„ყველასათვის ცნობილია საქართველოს ეროვნული ბანკისა და “თიბისი ბანკის” მიერ ამის თაობაზე გაკეთებული ერთობლივი განცხადების შესახებ და ამაზე აღარ შევჩერდებით. აქვე აღვნიშნავთ, რომ გონივრული და სწორი იყო “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების გადაწყვეტილება ბანკთან მიმართებაში. ამას გარდა, “თიბისი ბანკმა” რამდენიმე დღის წინ მოგვიწოდა ყველას, რომ თავი შევიკავოთ ბანკთან დაკავშირებით განცხადებების მტკიცებით ფორმაში გაკეთებისგან. ეს არის აბსოლუტურად პროფესიული და პრაგმატული მიდგომა ბანკის მხრიდან. ასევე, ობიექტურობის დაცვის მიზნით გვინდა განვაცხადოთ, რომ თუ მართლაც გული შეგვტკივა ბანკზე, ყველაზე სწორია ამ დღეებში თავი შევიკავოთ და არ ვახსენოთ „თიბისი ბანკი“ სხვადასხვა მოვლენების კონტექსტში“ - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საბანკო საქმიანობა მთლიანად ეფუძნება ბანკის იმიჯს, „თიბისი ბანკს“ ჰყავს ძალიან ბევრი არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი დეპოზიტარი, ამიტომ ბანკზე ბევრი საუბარი ქმნის მისი რეპუტაციის დაზიანების რისკს.

„თიბისი ბანკი არის ჩვენი ქვეყნის საფინანსო ბაზრის ლიდერი, ძალიან წარმატებული და პროფესიული საბანკო დაწესებულება, სარგებლობს მაღალი რეპუტაციითა და მისდამი ნდობის მაღალი ხარისხით და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ „თიბისი ბანკი“ კიდევ უფრო წარმატებული იქნება მომავალში. აქვე აღვნიშნავთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ დავიცვათ „თიბისი ბანკის“, როგორც ჩვენი ასოციაციის წევრის ობიექტური და სამართლიანი ინტერესები“ - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG