Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპული საქართველოს" და "ქართული ოცნების" დეპუტატებმა იჩხუბეს


საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ევროპული საქართველოს“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატები, ოთარ კახიძე და ირაკლი ბერაია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ასარჩევად საპარლამენტო უმრავლესობაში მომზადებული კანონპროექტის განხილვისას, პროცედურებსა და შეკითხვების დასმასთან დაკავშირებული კამათი და ურთერთშენიშვნები ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დარბაზიდან გასულმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კომიტეტის თავმჯდომარეს რეგლამენტის დარღვევის გამო შენიშვნით მიმართა, რასაც ირაკლი ბერაიასგან მოჰყვა შეურაცხმყოფელი რეპლიკა.

„ჩემი ქმედება არ შეესაბამებოდა პარლამენტის ეთიკას და საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, უბრალოდ, ზოგჯერ თავის შეკავება არც ისე ადვილია. ინციდენტი მე არ წამომიწყია, უბრალოდ პასუხი გავეცი მის ქმედებას," - განაცხადა კახიძემ.

თავის მხრივ, ირაკლი ბერაია ირწმუნება, რომ ოთარ კახიძეს კორექტულობისკენ მოუწოდა, რასაც მისი გაღიზიანება მოჰყვა.

„მე ვსაუბრობდი, მინდოდა შეკითხვის დასმა, რისი საშუალებაც არ მომცა. მივუთითე კორექტულობისკენ, რამაც ინციდენტი გამოიწვია. მისთვის კორექტულობისკენ მოწოდება თუ შეგინებას ნიშნავს, ჩათვალოს, რომ შეგინებულია," - უთხრა ბერაიამ სააგენტო „ინტერპრესნიუსს.“

XS
SM
MD
LG