Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანი: სტრასბურგში საქართველოს გამარჯვება რუსეთისთვის უპრეცედენტო მარცხია


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

საქართველოს იუსიტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ცრუ უწოდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში დავა მოგებული იყო 2012 წლის ოქტომბრამდე, ანუ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლამდე.

პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას წულუკიანმა განაცხადა, რომ ამ საქმეზე იუსტიციის სამინისტრომ ბევრი იმუშავა სწორედ 2012 წლის ოქტომბრიდან.

„მე პასუხები არ მაქვს და შესაბამისად, არ ვიცი დღეს რამდენად მოვისმენ ამ პასუხებს, თუმცა კითხვა მაქვს - როცა წინა ხელისუფლებამ ეს დავა 4634 მოქალაქის სახელით წარადგინა, რატომ დაურთო მხოლოდ 118 პირის სია, რაც შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში უსაყვედურა იუსტიციის სამინისტროს და უკვე ჩვენ დაგვევალა, რომ ეს 118 პირიანი სია შეგვევსო, თუკი ვიყავით მართლები, რომ ჩვენი დაზარალებულების რიცხვი იყო 4634“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან სირცხვილი უწოდა იმას, რომ ათი წლისთავზე სიის შედგენა თითქმის ნულიდან დაიწყეს. წულუკიანის ინფორმაციით, მოძებნეს 1795 მოქალაქე და მათი მონაცემები გაგზავნეს სტრასბურგის სასამართლოში. იუსტიციის მინისტრს აინტერესებს, რატომ ვერ შეძლო წინა ხელისუფლებამ ამ ყველაფრის „ცხელ კვალზე“ გაკეთება.

თეა წულუკიანის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში დაწყებული აქვს ზრუნვა იმაზე, რომ სტრასურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს, თუმცა, რუსეთს მისთვის მიცემული სამთვიანი ვადიდან ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ საქართველოს მოქალაქეებს კომპენსაცია გადაუხადოს.

იუსტიციის მინისტრის შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება რუსეთისთვის უპრეცედენტო მარცხია, რადგან თუ არ ჩავთვლით საერთაშორისო საზღვაო სამართლის ნორმებიდან გამომდინარე რამდენიმე საერთაშორისო დავას, რუსეთი აქამდე არ დამარცხებულა არცერთ სახელმწიფოთაშორის დავაში.

2019 წლის 31 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა 2006 წელს ქვეყნიდან ქართველების მასობრივი დეპორტაციისთვის. მორალური კომპენსაცია სულ ცოტა 1500 ადამიანზე უნდა განაწილდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG