Accessibility links

site logo site logo

ზვიად გამსახურდიას ოჯახის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო


4

საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ზვიად გამსახურდიას ოჯახის სარჩელი. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატის ამირან გიგუაშვილის განმარტებით საჩივარი, დაზარალებულისათვის პროკურატურის მხრიდან სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაცემაზე უარს შეეხება.

სასამართლო განხილვა 2019 წლის 28 მარტს დაინიშნა.

ადვოკატ ამირან გიგუაშვილის განმარტებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, ვინაიდან იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო მათ საჩივარს დააკმაყოფილებს, ყველა დაზარალებულს უფლება მიეცემა მიიღოს სისხლის სამართლის საქმის მასალები და აღარ იყოს დამოკიდებული მხოლოდ პროკურორის მიერ სიტყვიერად მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისი და უნდობლობას აღრმავებს დაზარალებულსა და პროკურატურას შორის.

„ჩვენ ვასაჩივრებთ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის თ პუნქტის შინაარსის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებაში. მარტივად რომ ავხსნათ, ვითხოვთ დაზარალებულებს ჰქონდეთ უფლება არა მხოლოდ სიტყვიერად მიიღონ ინფორმაცია პროკურორის მხრიდან გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, არამედ მიეცეთ შესაძლებლობა, ხელზე მიიღონ სისხლის სამართლის საქმის მასალები და ამით კიდევ უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები საკუთარი უფლებების დაცვის კუთხით. ვფიქრობ ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ვინაიდან ეს ასევე ხელს შეუწყობს დაზარალებულების ნდობის გაძლიერებას გამოძიების მიმართ და თუნდაც უკვე ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო ჩვენი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი სარჩელი, უკვე წარმატებაა. დანარჩენს სასამართლო განხილვა დაგვანახებს“, - აცხადებს გიგუაშვილი.

საქართველოს პროკურატურა 25 წელია იძიებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმეს, რომელსაც 2015 წელს მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა. მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, ზვიად გამსახურდიას ოჯახის განცხადებით, გამოძიების მასალების გადაცემაზე პროკურატურა მათ უარს ეუბნება, სისხლის სამართლის კანონმდებლობაზე მითითებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG