Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ლადო კახაძე პარლამენტს გაამდიდრებს


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარლამენტის და თვითმმართველობის შუალედური არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატებზე მსჯელობა კვირების განმავლობაში მიმდინარეობდა და მათი დასახელება პარტიის საერთო გადაწყვეტილება იყო.

"ჩვენ გვქონდა დღეს მსჯელობა პოლიტსაბჭოს ფორმატში და საბოლოოდ დავამტკიცეთ ექვსი კანდიდატი როგორც მერობის, ასევე თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის. დარწმუნებულნი ვართ, რომ დამაჯერებლად გაიმარჯვებენ ამ არჩევნებში. ისინი არიან საქმის პროფესიონალები, უყვართ თავიანთი ქალაქი, სოფლები, რაიონები და საუკეთესოდ გაუძღვებიან იმ საქმიანობას, რაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის განვითარებასთან“ - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება თბილისის მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელებულ ლადო კახაძეს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „მას კარგად იცნობს ყველა და წარდგენა რეალურად არ სჭირდება.“

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიაში დარწმუნებულნი არიან, რომ ლადო კახაძე საქართველოს პარლამენტს გაამდიდრებს.

პროფესიით ექიმი ლადო კახაძე 1998-2002 წლებში იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ, პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლადო კახაძის გარდა დაასახელა რამდენიმე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერად კენჭს იყრის გიორგი შენგელია, მარნეულის მერად ზაურ დარგალი, ზესტაფონის მერად გიორგი გოგლიჩიძე, ჭიათურის მერად გივი მოდებაძე და ხულოს მერად ვახტანგ ბერიძე.

პარლამენტის და თვითმმართველობის შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

XS
SM
MD
LG