Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეისბუკმა წაშალა რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან დაკავშირებული ანგარიშები


ფეისბუკმა 26 მარტს გამოაცხადა, რომ წაშალა რუსეთთან, ირანთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და კოსოვოსთან დაკავშირებული 2600-ზე მეტი გაყალბებული გვერდი და ანგარიში.

ამ ნაბიჯით კომპანია განაგრძობს ზომების მიღებას საზოგადოებრივი აზრის მანიპულატორი ქსელების წინააღმდეგ.

ფეისბუკის კიბერუსაფრთხოების განყოფილების უფროსმა, ნათანიელ გლეიჩერმა განაცხადა, რომ წაშლილია რუსეთთან დაკავშირებული 1907 გვერდი და ანგარიში და რომ მათი ნაწილი ავრცელებდა „სპამს“ უკრაინის პოლიტიკის შესახებ ამ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების ფონზე.

მისივე თქმით, უკრაინის შესახებ გავრცელებული ცნობები ეხებოდა კონფლიქტს დონბასში, ადგილობრივ და რეგიონულ პოლიტიკას, კონფლიქტს აღმოსავლეთ უკრაინაში, ვითარებას ყირიმში, კორუფციას.

გლეიჩერის თქმით, რუსეთთან დაკავშირებული გვერდების „მცირე ნაწილი“ იმართებოდა ადამიანების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ „კოორდინირებულ არაავთენთურ ქმედებებში“.

ამ ტერმინს ფეისბუკი იყენებს ხოლმე, როცა აღწერს სოციალური მედიის მანიპულაციის ტაქტიკას, გამოყენებულს რუსეთის „ტროლების ფაბრიკის“ მიერ. სანქტ-პეტერბურგში მდებარე „ინტერნეტის კვლევის სააგენტოს“, რომელსაც „ტროლების ფაბრიკად“ მოიხსენიებენ, ბრალად ედება აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობა.

გლეიჩერის განმარტებით, გვერდები და ანგარიშები წაშლილ იქნა მათი მოქმედებისა და არა მათი ტექსტების შინაარსის გამო. „ყველა შემთხვევაში, ქმედებების უკან იდგა ხალხი, რომელიც ერთმანეთთან კოორდინირებულად მოქმედებდა და ყალბ ანგარიშს იყენებდა საკუთარი თავის სინამდვილისაგან განსხვავებულად წარმოსაჩენად“, აღნიშნავს გლეიჩერი.

ფეისბუკს არ დაუკონკრეტებია, ვინ შეიძლება აფინანსებდეს რუსი ტროლების გვერდებსა და ანგარიშებს. კომპანიის თანახმად, დამფინანსებლებმა მეთოდები დახვეწეს და გაცილებით უკეთ ინიღბებიან, ვიდრე ამას 2016 წელს აკეთებდა „ინტერნეტის კვლევის სააგენტო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG