Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: მშენებლობა ტვერელის ეკლესიის მახლობლად კანონის დაცვით მიმდინარეობს


კახა კალაძე
კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, 8 მარტის ქუჩაზე, ტვერელის ეკლესიის მახლობლად საცხოვრებელი სახლების მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს. კახა კალაძე მშენებლობას მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. მისი განმარტებით, ტერიტორიაზე შენდება არა კორპუსები, არამედ ორი სამსართულიანი ტერასული სახლი.

ჩვენ ინვესტორი დავავალდებულეთ, რომ ეკლესიის ღობე, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო, მისი გამაგრება მომხდარიყო და ეს ვალდებულება ინვესტორმა აიღო. და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამ სამუშაოებით დაიწყო და ამ სამუშაოების განხორციელება მოხდა. შესაბამისად ჩემი ინფორმაცია იქნება მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია ადამიანებს,“- აღნიშნა კახა კალაძემ.

მან საყვედური გამოხატა თავისი თანამშრომლების მიმართ მოსახლეობისთვის მშენებლობის შესახებ სათანადო ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო. მისივე თქმით, სახეზეა სამწუხარო ტენდენცია, როდესაც მშენებლობა ერთგვარ დანაშაულად ითვლება:

„რაც წლების განმავლობაში ითვლებოდა აღმშენებლობად, განვითარებად, დღეს უკვე მშენებლობა ითვლება ერთგვარ დანაშაულად. ეს კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა ისიც მესმის, რატოა ეს დამოკიდებულება. იმდენი არასწორი პროექტი განხორციელდა, იმდენი პროექტია ისეთ ადგილზე განხორციელებული, რომელიც არ უნდა გაკეთებულიყო და ამის უფლება არ უნდა მიეცათ. რა თქმა უნდა, ადამიანებში ჩნდება ეს გრძნობა ყველა მშენებლობის მიმართ,“- განაცხადა თბილისის მერმა. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ საზოგადოებაში არსებული ეს დამოკიდებულება შეიცვალოს.

8 მარტის ქუჩაზე, N 38-ში კომპანია “MK Development” აშენებს სახლს, რომელიც 2020 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულდეს. კომპანიამ მშენებლობის ნებართვა 2018 წლის 17 ოქტომბერს მოიპოვა. პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ “პროექტი დამუშავდა ამხანაგობა "მთაწმინდა რეზიდენსის" დაკვეთით, რომელიც შეიძლება ითქვას სოციალური ხასიათისაა. ასაშენებელი ფართის 60% ადგილობრივი მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი. ტერიტორიაზე განთავსებული შენობები ავარიულია და მოსახლეობას წლების განმავლობაში გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება.”

მშენებლობისთვის გამზადებული ტერიტორია ტვერელის ეკლესიის გალავანს ესაზღვრება. სამოქალაქო აქტივისტები და ადგილობრივი მოსახლეობა მიიჩნევენ, რომ ასეთი მშენებლობების შედეგად საფრთხე ექმნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელსაც საძირკველი ფაქტობრივად გამოცლილი აქვს, თავად მშენებლობა კი სარისკო გრუნტზე უნდა დაიწყოს.

XS
SM
MD
LG